მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს

ბრიტანეთი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე მიიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი "საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას" შეეხო.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში თებერვალშიც დაიბარეს. მაშინ მისი დაბარება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, „იმედის“ და „POSTV-ის“ სანქცირების შესახებ.

"აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.

ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.

გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამუშავა, რომელიც მიზნად კრემლის სამხედრო მანქანის, უკანონო ფინანსური ქსელებისა და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" შეზღუდვას ისახავს.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, სანქციების ახალი ტალღა რუსეთის მოძველებულ "ჩრდილოვან ფლოტს", სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებსა და იმ უკანონო ფინანსურ ქსელებს შეეხებათ, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი აქამდე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავალას ცდილობდა.

გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სანქცირებულ ობიექტებს შორის მოხვდა ხომალდი SILVAR, რომელიც 2026 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ ერთ-ერთ პორტში იმყოფებოდა. საელჩოს განცხადებაში სხვა დეტალები აღნიშნული გემის საქართველოში გადაადგილების ან ტვირთის შესახებ დაზუსტებული არ არის.

დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ლონდონი მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. უწყების მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში, რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები უკვე თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები