British American Tobacco აქციებს შეიძენს Reynolds American-გან და მსოფლიოში თამბაქოს უდიდესი კომპანია გახდება.
კომპანია British American Tobacco და Reynolds American-ი გარიგების პირობებზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, British American Tobacco 49,4 აშშ მილიარდ დოლარად თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლის Reynolds American-ის ფასიანი ქაღალდების 57,8%-ს შეისყიდის და აღნიშნული გარიგების შედეგად, მოგებისა და შემოსავლების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია გახდება, - წერს The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად British American Tobacco ბაზარზე მყოფ საჯარო თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს შორის მეორე მოთამაშეა და პირველ პოზიციას Philip Morris International უთმობს.
აღსანიშნავია, რომ British American Tobacco თამაქოს წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) და ასევე ნიუ-იორკისა (NYSE) და იოჰანესბურგის საფონდო ბირჟებზე (JSE) არის განთავსებული.
British American Tobacco უკვე ფლობს Reynolds-ის აქციების 42,2%-ს და აღნიშნული გარიგების შემდეგ, კომპანიის ერთადერთი მფლობელი გახდება.
კომპანია Reynolds კი ელექტრონულ სიგარეტებს და Newport, Camel, Pall Mall და სხვა ბრენდების სიგარეტებს აწარმოებს.

























