მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტნი სპირსმა თავის მუსიკალურ კატალოგზე უფლებები, სავარაუდოდ, $200 მილიონად გაყიდა

ბრიტნი სპირსი

პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა თავისი მუსიკალური კატალოგზე უფლებები დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობას, Primary Wave-ს მიჰყიდა და იმ არტისტთა რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც საკუთარ ნამუშევრებზე მსგავსი გარიგება გააფორმა. ინფორმაცია გამოცემა TMZ-მ, მოპოვებულ სამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, Toxic-ის შემსრულებელმა ხელშეკრულებას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა.

წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ გარიგების ღირებულება "დაახლოებით იმავე დიაპაზონშია", რაც კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის შემთხვევაში იყო, რომელმაც 2023 წელს მუსიკალური უფლებები კომპანია Hipgnosis-ს 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

საქმესთან დაახლოებულმა პირმა დაადასტურა, რომ სპირსისა და Primary Wave-ის გარიგების შესახებ ინფორმაცია ზუსტია. დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

Primary Wave-მა, რომელიც ისეთ არტისტებს წარმოადგენს, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, პრინსი და სტივი ნიქსი, მედიისთვის პასუხის გაცემაზე უარი თქვა. საჯარო კომენტარი არც თავად ბრიტნი სპირსს გაუკეთებია.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოპ-არტისტი, რომელიც 44 წლისაა, მსოფლიო ჩარტების სათავეში ჯერ კიდევ 1998 წელს ჰიტით "Baby One More Time" მოექცა. TMZ-ის ცნობით, გარიგება მოიცავს ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა: "(You Drive Me) Crazy", "Circus", "Gimme More" და "I'm a Slave 4 U".

სპირსის მეცხრე და ბოლო სტუდიური ალბომი "Glory" 2016 წელს გამოვიდა.

2021 წელს მომღერალი გათავისუფლდა სასამართლოს მიერ დაკისრებული 13-წლიანი მეურვეობისგან, რომელსაც მამამისი, ჯეიმი სპირსი აკონტროლებდა. იგი სპირსის პირად ცხოვრებას, კარიერასა და 60-მილიონიან ქონებას 2008 წლიდან 2021 წლის ნოემბრამდე განაგებდა.

სპირსი შეუერთდა ისეთი არტისტების სიას, რომლებმაც საკუთარი შემოქმედების გაყიდვით სოლიდური თანხა მიიღეს. მათ შორის არიან სტინგი, ბრიუს სპრინგსტინი და ჯასტინ ტიმბერლეიკიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები