საქართველო ბელგიელი მეწარმეებისა და მაღალი კლასის კორპორაციული კლიენტებისთვის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება - ამის შესახებ კომპანია Climbing Managers-ის დამფუძნებელი ბიორნ ვანდერვეგე BMG-სთან საუბრობს.
როგორც ვანდერვეგე აცხადებს, საქართველოში ადგილობრივი პარტნიორების საპოვნელად ჩამოვიდა, რათა ბელგიელი ბიზნესმენებისთვის ტურისტული პაკეტი შექმნას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი კოზირი მისი ავთენტიკურობა და კონტრასტების ერთობლიობაა. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყნის სიიაფეც.
„თუ ბელგიელი კლიენტი 100 ევროს გადაიხდის, ამ თანხით მას შვეიცარიაში მხოლოდ ერთი დღე თხილამურებით სრიალი შეუძლია, საქართველოში კი იგივე თანხით ამას ხუთი დღის განმავლობაში შეძლებს. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა“, - აცხადებს ვანდერვეგე.
მისივე განმარტებით, Climbing Managers-ის სეგმენტი ბიზნესმენები და მაღალანაზღაურებადი პირები არიან, რომელთაც დროის სიმცირის გამო სურთ, მოკლე პერიოდში მაქსიმალური შთაბეჭდილება მიიღონ.
„ჩვენი კლიენტურა კორპორაციული ხალხია. ათი წლის წინ ისინი ათდღიან ლაშქრობებში მიდიოდნენ, ახლა კი სურთ, რომ 5-7 დღეში მიიღონ მთელი პაკეტი - სამდღიანი ტრეკინგი მთაში, შემდეგ კი დრო დედაქალაქში გაატარონ, დააგემოვნონ საუკეთესო ღვინო და გაეცნონ ისტორიას. მათ სურთ ყველაფერი ერთად, შეზღუდულ დროში. საქართველო სწორედ ამ კომბინაციას გვთავაზობს: ბუნება ჩრდილოეთით და სამხრეთით, პლუს საოცარი ღვინის კულტურა“, - აცხადებს Climbing Managers-ის დამფუძნებელი.
მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ბელგიელი ბიზნესმენი მთავარ პრობლემას პირდაპირი ფრენების ნაკლებობაში ხედავს, რაც ტურისტების ნაკადის ზრდას აფერხებს.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ბრიუსელიდან თბილისში პირდაპირი რეისები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვფრინდეთ ამსტერდამიდან ან პარიზიდან, მაგრამ მე „ვლოცულობ“ პირდაპირი ფრენებისთვის. მართალია, ბელგია პატარაა და სხვა ქალაქებში გადასვლა ფრენებისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, პირდაპირი რეისი მაინც სხვა კომფორტია. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ფრენების შემთხვევაში, 25%-ით მეტ ტურისტს ჩამოვიყვანდი საქართველოში“, - აცხადებს ვანდერვეგე.
კითხვაზე, კიდევ რა გამოწვევებს გადააწყდა ამ ბაზარზე, Climbing Managers-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის, რაც ერთი შეხედვით ნაკლად ჩანს, სინამდვილეში საქართველოს ძლიერი მხარეა.
„როცა აფრიკაში მიდიხარ, იქ საკვების ნაკლებობაა, აქ კი პირიქით - საოცარი სამზარეულო გაქვთ. ბელგიელი ტურისტი ავთენტიკურობას ეძებს. ჩვენ მოგვწონს კონტრასტი თბილისის მაღალი კლასის სასტუმროებსა და მთის პრიმიტიულ ყოფას შორის, სადაც შეიძლება ელექტროენერგიაც კი არ იყოს. სწორედ ეს ხდის მოგზაურობას საინტერესოს. ჩემი რჩევაა: დარჩით ავთენტიკურები!
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საქართველოს გარშემო თითქოს შეიშალა, ჩემთვის ეს ქვეყანა მაინც „უსაფრთხო ნავსაყუდელია“. მართალია, ავიაბილეთების ფასები იზრდება, მაგრამ სასტუმროების ფასი შედარებით იკლებს, რაც ერთგვარ ბალანსს ქმნის“ - აცხადებს კომპანია The Climbing Managers-ის დამფუძნებელი ბიორნ ვანდერვეგე.




























