ამერიკული საინვესტიციო კომპანია Brookfield Asset Management-ი Blackstone-ისგან მინის შესაფუთი მასალების მწარმოებელ ინდურ კომპანია PGP Glass-ს $1.7 მილიარდად შეიძენს. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა გარიგების პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
PGP Glass-ის აღმასრულებელ დირექტორ ვიჯეი შაჰის განცხადებით, კომპანია მიესალმება Brookfield-ს და ზრდის ახალი ეტაპის დასაჩქარებლად და ღირებულების შესაქმნელად მასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.
ინფორმაციისთვის, PGP Glass მინის შესაფუთ მასალებს კოსმეტიკის, პარფიუმერიის, ალკოჰოლური სასმელების, კვებისა და ფარმაცევტული პროდუქტებისთვის აწარმოებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, PGP Glass-ი 13 ღუმელს ფლობს და მისი დღიური წარმადობა 1,800 ტონას აჭარბებს. ის ოპერირებს ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ბრაზილია, ინდოეთი და გაერთიანებული სამეფო.
რაც შეეხება მყიდველ კომპანიას, ნიუ-იორკში დაფუძნებული Brookfield Asset Management-ი $1 ტრილიონზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს. მისი საინვესტიციო პორტფელი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, კერძო კაპიტალი, უძრავი ქონება და საკრედიტო აქტივები.
























