კომპანია "ბლექ სი პეროლიუმმა" (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიული წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
"ბლექ სი პეტროლიუმი" ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. BSP-ში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.
შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი უზრუნველყოფს პროექტს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს BSP-ს, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
"ბლექ სი პეტროლიუმის" პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით ჩვენ ვამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას,“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
BSP და Honeywell ასევე გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზე, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.




























