ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით 28 ნოემბერს თურქეთიდან აზერბაიჯანში პირველი მატარებელი გაემგზავრა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სარკინიგზო გადამზიდავის (TCDD) განცხადებაში წერია.
მატარებელი თურქეთის პროვინცია მერსინიდან აზერბაიჯანის მიმართულებით 32 კონტეინერით და 650 ტონა ტვირთით დაიძრა. როგორც მოსალოდნელია, მატარებელი ბაქოში 96 საათის განმავლობაში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველმა სატვირთო მატარებელმა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიარა. მატარებელი ხორბლით იყო დატვირთული და 32 კონტეინერისგან შედგებოდა. მატარებელი ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიდან გავიდა, მისი დანიშნულების პუნქტი თურქეთის პროვინცია მერსინი იყო.
30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც ’’რკინის აბრეშუმის გზა“.

























