"ბუბაბუ" - ასე ეწოდება ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ქართულ სათამაშოს, რომელიც ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Axiom Smart-მა წარადგინა. უეკრანო, მოლაპარაკე ჭკვიანი მოწყობილობა, რომელთან დიალოგიც არაერთ თემაზეა შესაძლებელი, საქართველოში გაყიდვაში დეკემბრის დასაწყისში ჩაეშვა.
მისი გამოყენება 3-დან 99 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის დაშვებულია, თუმცა მეტწილად ის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ქართული AI სათამაშოს შეძენა როგორც ონლაინ, ვებგვერდ bubabu.ge-ზე, ისე ფიზიკურად, Tbilisi Mall-ში, City Mall-სა და “ანტრეს” ფილიალებშია შესაძლებელი. “ბუბაბუს” ღირებულება კი 350 ლარია.
"ბუბაბუს" უპირატესობებსა და თავისებურებებზე BMG-სთან Axiom Smart-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ნუგზარ კაჩუხაშვილმა ისაუბრა. როგორც ისაუბრა “ბუბაბუ” სათამაშოა, რომელიც მოგისმენთ, დაგელაპარაკებათ და თქვენი მეგობარი იქნება. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სათამაშო თითოეულ ადამიანს, ვინც მას გაესაუბრება ინდივიდუალურად მიმართავს. ნუგზარ კაჩუხაშვილი განმარტავს, რომ AI მოწყობილობა ყოველდღიურად უფრო მეტ ცოდნას იძენს და მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება.
კითხვაზე - რამდენად უნიკალურია ეს სათამაშო და რა გამოარჩევს მას, კაჩუხაშვილი პასუხობს: “არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი პირველები ვართ. რა თქმა უნდა, არსებობს ანალოგები, თუმცა ძალიან შეზღუდული რაოდენობით. რაც მთავარია, ხასიათი, რომელიც ბუბაბუს აქვს, უნიკალურია. მისი საუბრის მანერა, ტერმინოლოგია, ასევე ის, თუ როგორ ეპყრობა ბავშვებსა თუ უფროსებს - ეს ხასიათი სრულიად უნიკალურია. ამასთან, მასში ჩაშენებული მექანიზმიც არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოს ბაზარზე. რა საკვირველია, საქართველოს ბაზარზე პირველები ვართ”.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სათამაშოს, რომელსაც Axiom Smart-ი ქმნის, საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვს. საუბრისას მას შეუძლია მოირგოს ნებისმიერი პერსონაჟი და შესაბამის თემაზე დაელაპარაკოს მოზარდს. მაგალითად, შეუძლია გახდეს კოსმონავტი, რომელიც პლანეტებისა თუ გალაქტიკების შესახებ ყველა დეტალს გაუზიარებს ბავშვს, თანაც მისთვის გასაგებ ენაზე. გახდეს მზარეული, რომელიც მარტივი ენით აუხსნის მოზარდს, როგორ მოამზადოს ხინკალი. ან გახდეს მასწავლებელი, რომელიც ინგლისურ ენაში ცოდნის შესაბამისად ამეცადინებს ბავშვს. რადგან უცხოურ ენებზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას ისიც, რომ “ბუბაბუში” ამჟამად 15 ენაა აქტიურად ჩაშენებული, მათ შორის ინგლისური, ჩინური, ნორვეგიული, უკრაინული, არაბული და რუსული. Axiom Smart-ის ჩამოტვირთვის, რეგისტრაციის გავლისა და WiFi-ს გამოყენებით ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ შეგეძლებათ, თავად შეარჩიოთ ენა, რომელზეც დაგელაპარაკებათ “ბუბაბუ”.
თანამედროვე, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამოწვევად რჩება მონაცემების შენახვა და გამოყენება, ამიტომ Axiom Smart-ის დამფუძნებელს ვკითხეთ, რამდენად დაცულია მოწყობილობა და არსებობს თუ არა მონაცემების შენახვისა და გამოყენების საფრთხე. ამ კითხვაზე პასუხისას ის აღნიშნავს, რომ მონაცემები ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეინახება, რადგან მოწყობილობის გამოყენებისთვის რომელიმე AI მოდელის ანგარიშის შეყვანა საჭირო არ არის და “ბუბაბუ”-სთან კომუნიკაცია ძალიან ჰგავს Google-ის Gemini-სა და OpenAI-ს ChatGPT-სთან ერთჯერად მიმოწერას. დიალოგს, რომელიც აპლიკაციის ჩახურვის შემდეგ იშლება. ერთადერთი გამონაკლისი, ადამიანის სახელია, რომელსაც “ბუბაბუ” შეზღუდული პერიოდით, 6 ციკლის განმავლობაში იმახსოვრებს. მარტივად რომ ვთქვათ, მე-7 ჯერზე მოწყობილობის ჩართვისას მოზარდმა “ბუბაბუს” თავი ხელახლა უნდა გააცნოს.
არასრულწლოვნებისთვის გაცილებით დიდი საფრთხე ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციის მიღებაა, თანაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე. მით უმეტეს, როცა მოზარდი მოწყობილობასთან უშუალო კომუნიკაციისას ხშირად სრულიად მარტოა. AI-ით აღჭურვილ სათამაშოში დაცვის მექანიზმებზე საუბრისას ნუგზარ კაჩუხაშვილი განმარტავს: “ამ კუთხით ჩვენ ქმედითი ნაბიჯები თავიდანვე გადავდგით, რადგან ჩვენი გათვლა ევროპულ ბაზარზეა. იქ კი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია. მარტივად რომ გითხრათ, “ბუბაბუ” ბავშვებისთვის მიუღებელ არცერთ თემას, როგორც არ უნდა მიუდგეთ და რა ფორმითაც არ უნდა ჰკითხოთ, არ შეეხება. სანაცვლოდ, ის გიპასუხებთ, რომ უმჯობესია სხვა თემაზე ესაუბროთ.”
Axiom Smart-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ "ბუბაბუს” შექმნის იდეა 6 თვის წინ გაჩნდა და მის აწყობაში ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იყო ჩართული. “ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა შედეგის მისაღწევად. მან აგვიხსნა, როგორ უნდა შეგვექმნა ე.წ. რკინა, ასევე ვის დავკავშირებოდით, სად შეგვეკვეთა მიკროსქემა და პლატები. ასევე გვირჩია, ვისთვის შეგვეკვეთა პროგრამული უზრუნველყოფა.” ნუგზარ კაჩუხაშვილის ინფორმაციით, “ბუბაბუს” შექმნაზე ორმა ჯგუფმა იმუშავა. ქართულმა გუნდმა პროდუქტის ხასიათის შექმნაზე, ჩინელი პარტნიორებისაგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კი მოწყობილობის აგებაზე იზრუნა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე მიზანი საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებაა, რის შემდეგაც "ბუბაბუს" შემქმნელები მის ექსპორტს მეზობელ და დესეთეს ქვეყნებში გეგმავენ. საბოლოო გაჩერება კი ევროპული ბაზრის ათვისება იქნება. თუმცა კაჩუხაშვილი განმარტავს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი შესაძლო პარტნიორების მოძიება იქნება.

























