მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუდაპეშტი ენერგიის დასაზოგად ისტორიულ ძეგლებს განათებას უთიშავს

ბუდაპეშტი

უნგრეთმა სიცხის ტალღის ფონზე ენერგიის დასაზოგად ბუდაპეშტის პარლამენტის შენობას, ბუდას ციხესიმაგრესა და ჯაჭვის ხიდს დეკორატიული განათება გაუთიშა. ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთი ტურისტი დაამწუხრა, თუმცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას მხარი დაუჭირეს.

ხანგრძლივმა სიცხემ და მდინარე დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალმა დონემ უნგრეთი აიძულა, თავისი ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც გასაგრილებლად მდინარის წყალს იყენებს, თითქმის სრულად გაეჩერებინა. ამან გასულ კვირას ენერგომომარაგების სისტემა პიკურ დატვირთვამდე მიიყვანა.

ხუთშაბათს ტემპერატურა 40-დან 42 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობდა, რაც აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

პარალელურად, მეზობელ რუმინეთში მერიები, ქარხნები და ზოგიერთი ტაძარი ასევე ჩაბნელდა და ელექტროენერგიის მოხმარება შეიზღუდა, რათა გვალვის პირობებში ქვეყნის ერთადერთი მოქმედი ბირთვული რეაქტორის მუშაობა უზრუნველყონ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ოთხშაბათს საღამოს ქუჩების განათება მესამედით შეამცირეს, ხოლო ღამით სამუზეუმო და ისტორიულ შენობებზე დეკორატიული განათება სრულად გამორთეს. ანალოგიურ ზომებს ქვეყნის სხვა ქალაქებიც მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები