სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ თბილისის მერია "ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას აგრძელებს", როგორც ეს დავით ნარმანიას პერიოდში ხორციელდებოდა. ამის შესახებ ზაქაიძემ თბილისის მერიაში, მერის მიადგილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე მსჯელობდნენ.
უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირაში კომპანიას მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, თუმცა მერიისთვის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია.
"რეალობა არის ის, რომ მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ. გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხვის პოლიტიკაზე. ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ.
2013 წელს ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა თავის პროექტიანად.სასამართლოს განჩინებით დავალებული აქვს თბილისის მერიას, რომ ჩვენ მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს და მშენებლობა გაგვაგრძელებინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მშენებლობის ნებართვა არ მაქვს, არადა ჩვენ გვაქვს 2013 წელს აღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც სასამართლომ აღგვიდგინა. მშენებლობის ნებართვის გაცემას ისინი აპირებენ, რომ თითქოს რაღაც ტექნიკური ხარვეზია. ამ ნებართვის გაცემას სჭირდება ერთი დღე და მერიას აქვს ამის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შეასრულა მერიამ და არ მოგვცა ერთ და ორ დღეში, ჩვენ წავალთ და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ მშენებლობის ნებართვას, ვიდავებთ ზიანზე, რომელიც ძალიან დიდია",-აცხადება გიორგი ზაქაიძე.
ის არ აკონკრეტებს ზარალის მოცულობას და აცხადებს, რომ ეს დასათვლელია.
მისივე თქმით, მერია მათ სთავაზობს ადგილზე მცირე ზომის რესტორნის მშენებლობას ან ადგილმონაცვლეობას, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა, თუმცა მშენებლობა "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, კომპანიას მშენებლობის ნებართვა სასამართლომ მიანიჭა. პროექტის ღირებულება 22 მილიონი დოლარია.

























