საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მინისტრმა გივი მიქანაძემ უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან ოფიციალური გამართა შეხვედრა.
განათლების უწყების ცნობით, მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
"გივი მიქანაძემ ბალაშ ჰანკოს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის პროფესიულ კოლეჯებს შორის კავშირების გაფართოებას. მათ შორის, ქართველი მასწავლებლებისთვის უნგრეთის პროფესიულ სასწავლებლებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის მოადგილეების ხელმძღვანელობით, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმუშავებს. ასევე, 2026 წელს, ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, უნგრეთის წამყვან “ელტეს” უნივერსიტეტის ბაზაზე ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება", - იტყობინება განათლების სამინისტრო.




























