„გურმან აკადემიამ“ მიმდინარე წელს 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით, თბილისში ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული კვების ობიექტები გახსნა. Buffalo Grill-ი და „ხინკლის აკადემია“ „გალერია თბილისში“ ოქტომბრის ბოლოს ამოქმედდა.
უნდა აღინიშნოს, რომ Buffalo Grill-ი სარესტორნოსთან ერთად სპორტ პაბის სივრცესაც მოიცავს, რომელიც დღეისთვის სპორტის მოყვარულების თავშეყრისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ხინკლის აკადემიის, Buffalo Grill-ის და სპორტ ბარის სივრცეები 400 სტუმარზეა გათვლილი და დღეისთვის 41 ადამიანს ასაქმებს.
„გურმან აკადემიის“ დამფუძნებელი თამარ ცინცაძე ბავარიული და ქართული კონცეფციის სწრაფი კვების ობიექტებზე BM.GE-სთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ობიექტის კონცეფციაა პრემიუმ სწრაფი კვებაა, რაც უგემრიელეს კერძებს, ხელმისაწვდომ ფასსა და საუკეთესო ხარისხს გულისხმობს.
„ავსტრიასა და გერმანიაში ხშირი მოგზაურობის შემდეგ თბილისში დაბრუნებისას ყოველთვის იმ გემოებითა და არომატებით გაჯერებული კერძები გვაკლდა, რომლებსაც ვიზიტის დროს ვაგემოვნებდით; განსაკუთრებით კი - ნეკნები. ამიტომ გადავწყვიტეთ ნამდვილი ბავარიული გემო თბილისში ჩამოგვეტანა და Buffalo Grill-ი გაგვეხსნა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ჩვენმა შეფმა იდეალური რეცეპტი შექმნა, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჰოთ-დოგები, რომლებსაც ახალი და საინტერესო გემოები შევძინეთ.
ამასთან, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას გადავწყვიტეთ ის განსაკუთრებული გრძნობა, რაც გერმანულმა და ავსტრიულმა კულინარიამ ჩვენ დაგვიტოვა, უცხოელებისთვისაც შეგვექმნა და ამისთვის ხინკალი შევარჩიეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას „ხინკლის აკადემიის“ სტუმრებს ყოველთვის გაახსენდებათ და მოენატრებათ ჩვენი საფირმო ხინკალი. ცხადია, მენიუს შემუშავებისას არ გვინდოდა ჩვენი კერძები მხოლოდ ტურისტებისთვის ყოფილიყო მიმზიდველი. იმისთვის, რომ ნამდვილი ქართული სახე წარმოგვეჩინა, აუცილებელი იყო, ეს კერძები განსაკუთრებით პირველ რიგში გემრიელი ქართველებისთვის ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ამ მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი კერძის უამრავი ვარიაციიდან ჩვენმა მეხინკლემ 8 ამოარჩია და ასე შეიქმნა „ხინკლის აკადემია“, - ამბობს თამარ ცინცაძე.
ახალი კვების ობიექტების ხელმძღვანელი Buffalo Grill-ის და „ხინკლის აკადემიის“ განსხვავებულობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, „გალერია თბილისის“ კვების სივრცეში ობიექტების გახსნა, ლოკაციასთან შესაბამისობაში სწრაფი მომსახურებისა და კერძების სწრაფად მომზადების აუცილებლობას აჩენდა.
„შეიძლება ითქვას, ჩვენ სწრაფ კვებასა და პრემიუმ დაინინგს ვაერთიანებთ. სავაჭრო ცენტრში მდებარე ობიექტების უმრავლესობისგან განსხვავებით, ჩვენ მომხმარებელს კომფორტულ სივრცეს ვთავაზობთ, სადაც ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებული ყურადღებითა და სტუმარმასპინძლობით ხვდებიან ჩვენს ყველა სტუმარს“, - უთხრა BM.GE-ს თამარ ცინცაძემ.
„გურმან აკადემიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ გახსნის დღიდან მომხმარებლების დადებითი უკუკავშირის გამო, ობიექტის ბრენდად ჩამოყალიბებას შეძლებენ და იმედოვნებენ, რომ რესტორნებს 2023 წელს რამდენიმე ახალ ლოკაციაზეც გახსნიან, თუმცა დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ.


























