მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახლადშექმნილი სამსახურისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყოფა

583fe0638db72
BM.GE
01.12.16 18:40
1257
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ახალი სამსახურისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყოფა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უწყებაში სულ 30 ადამიანი იქნება დასაქმებული და ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი მათს შრომის ანაზღაურებას მოხმარდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო სექტემბერში დაამტკიცა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი ოთარ ნადარაია, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელი რუსლან ხოროშვილი, ბიზნესასოციაციების წარმომადგენელი შოთა კომლაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენელი ლევან საბაური.

საბჭოს თავმჯდომარედ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილია დანიშნული.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით კი, საბჭოს სამსახურის უფროსად 1 სექტემბერს იური დოლიძე დაინიშნა. ის ამ პოსტს 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.

საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს კონტროლი იქნება, რომელსაც აქამდე "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" ახორციელებდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბჭოს უფლებამოსილებებია: კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, დარგობრივ-პროფესიული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა; სამსახურის უფროსისთვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების წარდგენა; სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის კონსულტაციის გაწევა და საბჭოს პოზიციის რეკომენდაციის სახით წარდგენა; სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა; კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები