2016 წლის 25 ივნისს, ძალაში შევიდა "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან: პროფესიული ორგანიზაციებიდან; ბიზნესასოციაციებიდან; აკადემიური წრეებიდან.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი.
"საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი; წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას; ასევე ცნობა ნასამართლობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.

























