მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთის პრემიერი: დიდ შესაძლებლობებს ვხედავ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში

5cb5cc1ad1d0a
თელარა გელანტია
16.04.19 16:34
486
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში დიდ შესაძლებლობებს ხედავს.

ამის შესახებ ბორისოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილი მორაგბეა და ამდენად, დღეს ცოტა სპორტზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მიღწევები დამსახურებით უნდა შეფასდეს. საქართველო გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე. ის ასევე არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით მოკლევადიან პერიოდში წარმადობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევა და ევროპაში ბალკანეთსა და კავკასიაში საქართველოს შორის გაზრდილი საზღვაო მიმოსვლა.

ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს ვარნასა და ბურგასის პორტების წარმადობა, გააძლიეროს ბულგარეთის ჩქაროსნული გზატკეცილები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ სახის პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან სურვილი მაქვს, უცხო ქვეყნის დელეგაციების სტუმრობის შედეგად ახალი კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ. საქართველოსთან ყოველთვის აქტუალური იყო საბორნე ტრანსპორტის მიმართულების განვითარება, მაგრამ ახლა პრაგმატული შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპის სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის ციფრული კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელის გამოყენებით კომუნიკაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაპირებთ ამ პროექტის დაწყებას და ახალი კაბელის ჩადებას შავი ზღვის აუზში. ამით კავკასიის მთელს რეგიონს შეეძლება ევროპაში არსებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საქართველოს შეუძლია სრულად დაეყრდნოს ჩვენს დახმარებას ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიერ ამ აქტივის გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ასევე დიდ შესაძლებლობებს ვხედავ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში. საქართველოს ჰიდრორესურსების ჭარბი რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენს მესამე ინოვაციურ პროექტს. ამგვარი პროექტის განხორციელება ამჟამად განიხილება ნორვეგიისა და გერმანიის მიერ. ჩვენ ვისაუბრეთ ამგვარი პროექტის დაფინანსების შესახებ და ვფიქრობ, ვაჭრობის სფეროში ამჟამინდელმა 10-12-პროცენტიანმა ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იმატოს ასეთი გააქტიურებული კავშირ-ურთიერთობებით.
და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს აერთიანებს - ორივე ერი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები