მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთს ისტორიაში პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტი ეყოლება

ილიანა იოტოვა

ბულგარეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ილიანა იოტოვამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქვეყნის ისტორიაში პირველი არჩეული ქალი მეთაური გახდა.

მისმა მეტოქემ, პროდასავლური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა ყოფილმა დროებითმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა დამარცხება უკვე აღიარა.

იოტოვამ ხმათა 57.6% მიიღო, რაც 1,093,852 ხმას გულისხმობს, კონკურენტმა გიუროვმა კი ამომრჩევლებისაგან მხოლოდ 39.5% მოაგროვა, რაც 750,251 ხმას უდრის.

ინფორმაციისთვის, ილიანა იოტოვა პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პოლიტიკური მოკავშირეა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. ის და პრემიერი რუსეთთან დიალოგს და უკრაინაში მიმდინარე ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას ემხრობიან.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, ახლად არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში მიულოცა. მან ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზაობა უსაფრთხოების, თავდაცვის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით გამოთქვა.

ცნობისთვის, ბულგარეთში პრეზიდენტის ინსტიტუტს ძირითადად ცერემონიული ფუნქციები აქვს, თუმცა პირდაპირი წესით არჩევა მას მეტ პოლიტიკურ წონას სძენს. ქვეყნის მეთაური შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მას კანონებზე ვეტოს დადების გარდა პოლიტიკური კრიზისების დროს დროებითი მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილებაც აქვს.

შეგახსენებთ, ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 1 ნოემბერს გაიმართა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი გამარჯვებულის ვინაობა დღეს გამოაქვეყნა. ორ კანდიდატს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა 25 ოქტომბრის პირველი ტური, სადაც პირველი და მეორე პოზიციები სწორედ იოტოვამ და გიუროვმა გაიყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები