გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა. კანონში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების საკითხს მხარი 509 დეპუტატმა დაუჭირა, 138-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ქვედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლა ზედა პალატის - ბუნდესრატის მხარდაჭერა ესაჭიროება, რის შედეგადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევა.
საქართველოსთან ერთად, ბუნდესტაგმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის შეყვანასაც დაუჭირა მხარი.
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი (SAFE COUNTRIES OF ORIGIN) ევროკავშირში სამიგრაციო მიზნებისთის არის შექმნილი. იმისთვის, რომ ქვეყანა "უსაფრთხოდ" ჩაითვალოს მან რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, ესენია - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრა, სხვადასხვა მიზეზებით ადამიანთა დევნისა და ჩაგვრის აღმოფხვრა, არ უნდა იყოს საომარი მდგომარეობა და არ უნდა არსებობდეს ძალადობის რეალური საფრთხე.
თუ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყანა ჩათვლის, რომ მაგალითად საქართველო მიეკუთვნება უსაფრთხო ქვეყნების ნუსხას, მაშინ საქართველოდან ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ გაგზავნილი განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება და მათ უფრო მაღალი ალბათობით ეთქმებათ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი, რადგანაც საქართველო ისედაც "უსაფრთხო ქვეყნად" იქნება მიჩნეული.
ბუნდესტაგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ნაწილს წარმოადგენს.
"უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მინიჭებისთვის არსებობს "კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უსაფრთხო ქვეყანაში უნდა იყოს დაცული - კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებები, აღიარებული და დაცული უნდა იყოს უმცირესობათა უფლებები და ქვეყანას უნდა გააჩნდეს მოქმედი დემოკრატია.

























