ყვარლის ტბის რეზორტმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო რეზორტის“ ტიტული მოიპოვა. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონიაზე გამოავლინეს.
2026 წელს კონკურსში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს 190 ნომინანტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების მიზანი ინდუსტრიის გამორჩეული მიღწევების აღიარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული სტანდარტების გაძლიერებაა.
წლევანდელი კონკურსის შეფასების პროცესი განახლებული მეთოდოლოგიით, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ჩართულობით წარიმართა.
კახეთში, ტბისა და მთების შთამბეჭდავ გარემოში მდებარე ყვარლის ტბის რეზორტი ბუნების სიმშვიდეს, თანამედროვე არქიტექტურასა და ქართულ სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. მისი კონცეფცია სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, იქნება ეს მშვიდი გარემო და გამაჯანსაღებელი გამოცდილებები, აქტიური განტვირთვა, გასტრონომიული აღმოჩენები თუ საქმიანი ღონისძიებები.
კომპანია ამბობს, რომ „წლის საუკეთესო რეზორტის“ ტიტული ყვარლის ტბის გუნდისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული აღიარებაა და კიდევ ერთი მოტივაცია, განაგრძოს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და გამორჩეული გამოცდილების შეთავაზება.
ამ წარმატების უკან დგას გუნდის ყოველდღიური შრომა, სტუმრების ნდობა და პარტნიორების მხარდაჭერა. რეზორტი მადლობას უხდის დაჯილდოების ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, სასტუმროს სტუმრებსა და პარტნიორებს მიღებული აღიარებისთვის.
ყვარლის ტბის რეზორტი აგრძელებს განვითარებას და მიზნად ისახავს, თითოეული სტუმრობისას ბუნების სილამაზე, კომფორტი და ქართული სტუმარმასპინძლობა ერთიან, დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქციოს.





















