დეტექტორების დაყენების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს "საქმის კურსის" ეთერში ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა და აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის მოწყობილობის შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა მომხმარებლის ინიციატივა და ვალდებულება იქნება.
მისი თქმით, დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი უნდა განხორციელდეს და მოწყობილობა თავიდან შემოწმდეს.
„მომხმარებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და უზრუნველყოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა იმისათვის, რომ მისი სახლის შიდა მოწყობილობა იყოს აღრიცხული და გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი. მე მომხრე ვარ, რომ ეს სავალდებულო გახდეს როგორც - ძველი, ისე ახალი აბონენტებისათვის. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია შეიქმნება, ყოველ წელს უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, რომლის ვადაზეც ურთიერთშეთანხმებით მორიგდებიან მომხმარებელი და შესაბამისი ორგანოს სპეციალისტი", - განაცხადა მან.
მისი თქმით, უბედური შემთხვევის დაფიქსირებისას პასუხისმგებლობა შემმოწმებელ ორგანოზე იქნება გავრცელებული.
„პასუხისმგებლობა ექნება იმ ორგანოს, ვინც შეამოწმა და გასცა შესაბამისი სერტიფიკატი. აქ კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდება განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან. სავარაუდოდ, ეს იქნება სახელმწიფო დონეზე აკრედიტირებული ორგანო. ტარიფებზე საუბარი, ჯერჯერობით, არ ყოფილა, თუმცა ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, საფასურს ძირითადად მომხმარებელი ფარავს", - აცხადებს ენერგოომბუდსმენი.
ენერგოომბუდსმენის განმარტებითვე, დეტექტორი პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და მისი დამონტაჟების შემდეგ უბედური შემთხვევების სტატისტიკა ფაქტობრივად, 0-ზე ჩამოვა.
„მომხმარებელმა უნდა შეიძინოს დეტექტორი, იყო ასეთი იდეა, რომ მათთვის, ვისაც ერთდროულად არ შეუძლიათ მთლიანი თანხის დაფარვა, კომპანიასთან ერთად მოაწყოს და დაამონტაჟოს და შემდეგ ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს მისი საფასური. მისი ფასი დამოკიდებულია ფირმასა და ხარისხზე. ღირებულება იწყება 50 ლარიდან“, - აღნიშნა მან.

























