მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბუნებრივი გაზის ტარიფი, ძირითადად, სახელმწიფოს სუბსიდიის ხარჯზე შემცირდა

5c237dcc0a5f1
დავით ჯალაღონია
26.12.18 17:28
1812

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განმარტებით, სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც სემეკს საშუალება მისცა, გაზის სამომხმარებლო ტარიფები მცირედ შემცირებულიყო.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფოს მიერ საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. გარკვეული მოლოდინი იყო იმის შესახებ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო, თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები გაზიფიცირების მიმართულებით ახორციელებენ, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია ტარიფში არ აისახოს, მოსახლეობას არ დააწვეს და ეს მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით ხდება“, - განმარტა თურნავამ.

 კითხვაზე, შემცირდა თუ არა აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი, მინისტრის მოადგილემ პასუხად განაცხადა, რომ „კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს“.

 „ეს გადაწყვეტილება მთლიანად იმის გამო მოხერხდა, რომ მთავრობა ახდენს ტარიფის მოსალოდნელი ზრდის სრულად სუბსიდირებას. აქ მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს და ეს რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფო კომპანიიდან - ნავთობსა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან, აქედან გამომდინარე, სხვა რომელიმე მონაწილე, თუნდაც კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს. მათი ფინანსური მხარე არ იცვლება“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტები 1მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის 0.014 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტები - 0.011 თეთრით, „საქორგგაზის“ კი - 0.012 თეთრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები