პირველად საქართველოში გამართულ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს უცხოელი ღვინის მწარმოებლები და იმპორტიორები დაესწრებიან, - ამის შესახებ Bm.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა. საერთაშორიშო ფესტივალი ZERO COMPROMISE თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ფაბრიკა“ 11 მაისს ჩატარდება და მასში საქართველოდან 60 ღვინის მარანი მიიღებს მონაწილეობას.
,, ეს იქნება ღვინის ფესტივალი, სადაც მხოლოდ ნატურალური ბიო ღვინის მწარმოებლები მიიღებენ მონაწილეობას და აქ სხვა ტიპის ღვინო არ იქნება წარმოდგენილი. კიდევ იმით არის აღსანიშნავი ეს ფესტივალი, რომ ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელზე დასასწრებადაც ჩამოდიან ნატურალური ღვინის მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, იაპონია და სხვა, დაახლოებით 11 კომპანია. ამის გარდა ჩამოდიან ღვინის იმპორტიორები 14 ქვეყნიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ორგანულ ღვინოებით. ეს გახდება მათთვის ერთგვარი პლატფორმა, სადაც საურველ პროდუქციას მოიძიებენ, როგორც ქართულს, ასევე უცხოურს.
გარდა ამისა, ეს იქნება უნიკალური საშუალება ქართველი ბუნებრივი მწარმოებლებისთვისაც, რომ აქვე გააცნონ ღვინო უცხოურ იმპორტიორებს, რადგან ბევრ მარანს არ აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობისა და პარტნიორების მოძიების საშუალება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ერთკვირანი ტური, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ღვინის უცხოლი მწარმოებელები და იმპორტიორები, ასევე უცხოელი ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, მოინახულებენ მეღვინეობებს და მარნებს საქართველოს მასშტაბით ‘’ - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
ფესტივალი ასოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და GIZ -ის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება ყოველწლიური იქნება.

























