მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შესასწავლად ლაბორატორიის შექმნა იგეგმება” - ხათუნა ლაგაზიძე

6424593f67cdb
ანუკა ჯოხაძე
30.03.23 14:06
649
მთავრობა 2023 წელს მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს, რისთვისაც 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. ხედვის წარდგენას მთავრობის წევრები უკვე რამდენიმე თვეა აანონსებენ, თუმცა საჯარო პრეზენტაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა.

მთავრობის გეგმა ორშაბათს ბიზნესს 1 წლის წინ შექმნილმა კურორტების განვითარების სააგენტომ წარუდგინა, თუმცაც პრეზენტაციამ მედიის გარეშე ჩაიარა.

როგორც სასტუმრო “კოლხიდას” დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია შეიქმნება, რომელიც საქართველოს ბუნებრივ რესურსებს შეისწავლის. თუმცა ლაგაზიძის თქმით, ეს საქმის მხოლოდ ნახევარია და კურორტებს გრძელვადიანი კვლევაც სჭირდება.

“შესწავლას და დადასტურებას მოითხოვს საქართველოში არსებული ყველა მინერალური და სამკურნალო რესურსი. იქნება ეს წყალი, ტალახი თუ ქვიშა. არცერთი ხელისუფლებისგან ნაბიჯი არ გადადგმულა. შეხვედრაზე, როცა ეს საკითხი დავაყენეთ, გვითხრეს ძალიან დამაიმედებელი რამ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ჩართულობით იგეგმება ლაბორატორიის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ადგილზე იქნას შესწავლილი საქართველოს ბუნებრივი რესურსები და პოტენციალი.

ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, მაგრამ ეს არის საქმის ნახევარი. ერთია თვისებები ამ რესურსების, თუმცა მეორეა მისი გავლენა პაციენტებზე, ამას თითოეული რესურსის შემთხვევაში 3-წლიანი კვლევა სჭირდება", - აცხადებს სასტუმრო “კოლხიდას” დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები