„ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც აღიარებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ინვესტორების მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე გავლენას ახდენს.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, არცერთი ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ გაუქმებულა.
„ბუნებრივია, აქაც ძალიან პირდაპირ ვიტყვი, რომ როდესაც ბიზნესები დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან მსხვილ და მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არაა გაუქმებული, თუმცა შეიძლება ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე; ჩვენ სურათს ოპტიმისტურად ვუყურებთ და როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, საინვესტიციო გადაწყვეტილებები რეალიზდება და 2025 წელს ეს ნაწილი იქნება პოზიტიური“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი არ უარყოფს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წევრების სანქცირება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ ირწმუნება, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით „ოცნება“ ამ პრობლემას მოაგვარებს.
ბუნებრივია, სანქცირება ნეგატიურად აისახება [ინვესტიციებზე]... თუმცა დარწმუნებული ვარ და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობას შევცვლით და გამოვასწორებთ. ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განახლდება და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა, ამის ბევრი წინაპირობა არსებობს, მათ შორის ის, რომ ჩვენ ერთგვარი იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს, ანუ სრული თანხვედრა გვაქვს ახალ ადმინისტრაციასთან. მათაც იმ გამოწვევებთან მოუწიათ ალბათ დაპირისპირება, რა გამოწვევებიც მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ გაიარა და ეს მოგვცემს იმის საფუძველს რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შეიძლება გვქონდეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან 2025 წელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.