მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ჯუანშერ ბურჭულაძე

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ეს განცხადება ჯუანშერ ბურჭულაძემ მაშინ გააკეთა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლესთან შემდეგ სასამართლო სხდომის დეტალებზე საუბრობდა, სადაც დაცვის მხარეს თავად ბრალდებული ბურჭულაძის გამოკითხვა სურდა.

ბურჭულაძის თქმით, დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავენ პროკურატურას და ხვალინდელი ჩანიშნული პროცესის გაუქმებას მოითხოვენ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები