წელს, ბუტიკ სასტუმრო "კვირია", რომელიც კახეთში, თელავში მდებარეობს, ვიზიტორებს ახალ ობიექტზეც უმასპინძლებს. საუბარია მარან "მათისზე", რომელიც ალავერდის მონასტრიდან 7 წუთის, ხოლო სასტუმროდან 30 წუთით სავალზე მდებარეობს.
როგორც სასტუმროს მენეჯერი, თამარი სამყურაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მარნის ტერიტორიაზე განთავსდნენ კიდეც და მარნის სერვისებით ისარგებლონ.
მისი ინფორმაციით, მარანში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ, კერძოდ ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაციას, მასტერკლასებში მონაწილეობას, სეზონურად რთველს, ღვინის დაწურვას და ჭაჭის გამოხდას.
„სოფელ ფიჩხოვანში მდებარე მეღვინეობა "მათისში" იწარმოება ჩვენი ღვინო, რომელსაც ექსკლუზიურად სასტუმროში ვყიდით. წელს, მარანში ვიწყებთ უკვე ჯავშნების მიღებას, სადაც მომხმარებელს ზემოთ აღნიშნულ სერვისებს შევთავაზებთ. „მათისის" მარანში ერთი ადამიანის განთავსება და სხვადასხვა აქტივობებით სარგებლობა, დაახლოებით 150 - 250 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ღირებულება კი გაწეულ მომსახურებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება სასტუმროს, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, 2024 წელი ფაქტობრივად დაჯავშნილი გვაქვს. თუმცა, ასევე ხშირია Booking.com-დან წამოსული ჯავშნები, რომელთა შორის ქართველებიც აქტიურად არიან. სეზონზე ერთი ღამით სასტუმროში განთავსების ღირებულება 280 ლარს შეადგენს, თუმცა ფასი ოთახის ტიპსა და მოთხოვნილ სერვისზეა დამოკიდებული", - აცხადებს სამყურაშვილი.
მისივე ცნობით, სასტუმროში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონზე საჭიროებიდან გამომდინარე კადრებსაც იმატებენ. სასტუმროს მენეჯერი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მომსახურების სფეროში კადრი გადინებადია. შესაბამისად, რთულია კარგი, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, რადგან ასეთი კადრები, ძირითადად ქვეყნიდან გასვლაზე არიან ორიენტირებული. გამოწვევების მიუხედავად, იმედოვნებს, რომ ტურიზმის განვითარება საქართველოში და ასევე გაზრდილი ინტერესი მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროსადმი დაეხმარება ამ დაბრკოლებების გადალახვაში.
ინფორმაციისთვის, განთავსების ობიექტი ბუტიკ სასტუმრო "კვირია" თელავში მდებარეობს და 2021 წლიდან ოპერირებს. სასტუმროში არის 14 ნომერი და მასში 35 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. განთავსების გარდა სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევანით, ღვინის მარანი, მაღალ ტექნოლოგიურად აღჭურვილი საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი და სპა ჯაკუზით, მშრალი და სველი საუნებით.