მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბჟამინოლი“ - რა იდეით გაიხსნა სამეგრელოში პირველი ღამის კლუბი?

ზუგდიდი

სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში პირველი ღამის კლუბი „ბჟამინოლი“ გაიხსნა. გასული წლის ივნისში გახსნილი კლუბის საქმიანობასა და იდეაზე „ქალების ნარატივში“ „ბჟამინოლის“ დამფუძნებელმა, ცაბუნია ვართაგავამ ისაუბრა.

ზუგდიდში პირველი ღამის კლუბის გახსნის მთავარ ფაქტორად მისი დამფუძნებელი ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილის შექმნას ასახელებს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესტუმრებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდი ძალიან განვითარებული ადგილია, ძირითადი აქცენტი გასტროსივრცეებზე კეთდება, ბევრი კვების ობიექტია და ნაკლები გასართობი სივრცე, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. პირველი, რაც გავაკეთეთ სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვა იყო. ზუგდიდის უნივერსიტეტში დაახლოებით 1200 სტუდენტი სწავლობს და მათი ნახევარი აფხაზეთიდანაა, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აფხაზეთში და იქ ჰყავთ ოჯახები. ამ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ შეკრების და გართობის სივრცე, ეს იყო „ბჟამინოლის“ გახსნის ძირითადი მიზეზიც, შედეგად სულ რამდენიმე თვეა ზუგდიდის ცენტრში ღამის კლუბი გავხსენით“, - აღნიშნა ცაბუნია ვართაგავამ.

მისივე თქმით, „ბჟამინოლის“ გახსნისთვის ფინანსური რესურსი არ დაუხარჯავთ და ფაქტობრივად "0 ლარის ინვესტიცია და დიდი ენთუზიაზმი დასჭირდათ". ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ კლუბის მოწყობა სოციალური სივრცის ბაზაზე, მათივე დამფუძნებლის ხელშეწყობით შეძლეს.

„ინვენტარის ნაწილშიც პრობლემა არ გვქონია. ზუგდიდში არის ერთადერთი ახალგაზრდული სივრცე „მეგობარი“, სადაც დღის საათებში შეგიძლიათ ტრენინგების ჩატარება, შეხვედრების გამართვა და ა.შ., ხოლო საღამოს საათებში არის ბარი, სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ. „მეგობარი“ არის სოციალური საწარმოს კონცეფციის, რომელსაც ჰქონდა აპარატურა, რომლითაც შევძელით „ბჟამინოლის“ პირველი ივენთები გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.

ახალგაზრდებს „ბჟამინოლის“ ღონისძიებებზე დასწრება სრულიად უფასოდ შეუძლიათ. როგორც “ბჟამინოლის” შემოქმედები ამბობენ, ეს არის სივრცე, რომელიც სიახლეს და ნათელ აზრებს შეიტანს რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები