მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკური კვლევები უფასო ხდება

5d31b33a07677
თათია ჩაფიჩაძე
19.07.19 16:48
1318
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.

ამის შესახებ გაბუნიამ "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა.

"ჩვენი მიზნები ელიმინაციის საკითხისადმი ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ რეალურად შესაძლებელია ამის მიღწევა გარკვეული ცვლილებების საფუძველზე. ის სტრატეგიები, რაც გვინდა რომ გააქტიურდეს, ეს გახლავთ ფინანსური ბარიერის სრული მოხსნა.

სკრინინგი ისედაც უფასო იყო, აქტიურად ხდება სკრინინგის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის ქსელში და ასევე, ვმუშაობთ იმისთვის, რომ საწყისი და მიმდინარე გამოკვლევებისთვის თანაგადახდა რაც იყო დაწესებული, სრულად მოიხსნას. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი პაციენტი.

ძალიან მალე შევა ეს ცვლილება ძალაში, საუბარია რამდენიმეკვირიან პერიოდზე", - განაცხადა გაბუნიამ.

ამ ეტაპზე C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა 60 ათასს აღწევს, სკრინინგულად დადასტურებული ვირუსის მატარებელი მოსახლეობის რიცხვი კი 20 ათასია.

"ჩვენ როცა პროგრამა დავიწყეთ, სერვისი შევთავაზეთ მათ, ვისთვისაც ეს იყო გადარჩენა. ახლა ვმუშაობთ ვირუსის მატარებელ ჯანმრთელ მოსახლეობასთან, რომელთა დარწუნება, რომ ჩაერთონ პროგრამაში, საკმაოდ რთულია.

60 ათასამდეა მათი რიცხვი, ვინც მკურნალობა უკვე დაასრულა, თუმცა ერთი ამდენი გვჭირდება ელიმინაციის მიზნის მისაღწევად. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს. რაც შეეხება მათ რიცხვს ვისაც ვირუსი დაუდასტრდათ, ეს გახლავთ 20 ათასამდე ადამიანი. პირველადი ამოცანაა მათი ჩართვა მკურნალობაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები