Career 8M-ი - ორი წლის წინ საქართველოში დაფუძნებული სტარტაპი ძიძების გადამზადებითა და დასაქმებით არის დაკავებული. როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, მათი მიზანია, ქვეყანაში ძიძის პროფესია უფრო მაღალშემოსავლიანი გახდეს, რისთვისაც ძიძების კომპეტენციის ამაღლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა მანო პაჭკორიამ განუცხადა, მათ თავდაპირველად ძიძები უსასყიდლოდ გადაამზადეს, მაგრამ მოხალისეობრივად დაწყებულმა პროექტმა მალევე ბიზნესიდეის სახე მიიღო.
დღეისათვის, Career 8M-ის ტრენინგების ღირებულება 30-დან 100 ლარამდე მერყეობს.
„ძიძების გადამზადება უსასყიდლოდ და მოხალისეობრივად, საკუთარი სახსრებით და ინტელექტუალური რესურსით დავიწყეთ. სერტიფიცირებულ ძიძებზე მშობლების მოთხოვნამ დასაქმების ცენტრის დარეგისტრირებამდე, ოფისის გახსნამდე და ბიზნესგეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. Career 8M-ის შემოსავლის წყარო დღეს სრულად ძიძების გადამზადება და დასაქმებაა“, - ამბობს მანო პაჭკორია.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგნიზაციის „სოციალური სივრცის“ მხარდაჭერით, სტარტაპის ფარგლებში უკვე 100-მდე ძიძა გადამზადდა. „ჩვენთან რეგისტრირებულ ძიძებს პერიოდულად აქციებს, ფასდაკლებებსა და ვაუჩერებს ვთავაზობთ. ამით გადამზადების პროცესს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით“, - აღნიშნა მანო პაჭკორიამ და დასძინა, რომ გადამზადება სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ტრენინგებს მოიცავს.
„პანდემიიდან გამომდინარე, ტრენინგების დროს Covid-19 ის გავრცელებისა და პრევენციის გზებზეც ვსაუბრობთ“, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი, რომლის თქმითვე, კურსის დასრულების ბოლოს ტრენინგების მონაწილეებს ტესტირებას უტარებენ და წარმატებით გავლის შემთხვევაში, სერტიფიკატებს აძლევენ.
ამ დროისთვის “Career 8M"-ში ოთხი ადამიანია დასაქმებული.

























