ქართულმა ლოგისტიკურ-ტექნოლოგიურმა პლატფორმა Cargon-მა 7 სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან პარტნიორობით $1.7 მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა. ინფორმაცია BMG-ს “კარგონის” დამფუძნებელმა ვანო ჩალაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, მოზიდული ინვესტიცია კომპანიას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ათვისებაში დაეხმარება.
“ჩვენი მთავარი ინვესტორის, Sturgeon Capital-ისა და ჩვენი სხვა პარტნიორების (Hustle Fund, Reflect Ventures, UzVc, Aloqa Ventures, Caucasus Ventures და Flexport-ის) მონაწილეობით, $1.7 მილიონიანი ინვესტიცია მოვიპოვეთ. ამათგან ზოგიერთი ფონდი ამერიკულია, ზოგიც ბრიტანული, უზბეკური ან აზერბაიჯანული. ინვესტიციის მოზიდვა კი პროდუქტის განვითარებასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გასვლაში დაგვეხმარება.
ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე ჩაერთნენ “ვენჩურული” კაპიტალები, რომელთაგანაც ინტერესი მანამდეც არსებობდა. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ჩვენით რამდენიმე მსხვილი ინვესტორი დავაინტერესეთ და დამოუკიდებლად მოვიპოვეთ დაფინანსება”, - ამბობს ვანო ჩალაძე.
“კარგონი” ციფრული პლატფორმაა, რომელიც ტვირთის გამგზავნ პირს გადამზიდთან ღილაკზე თითის ერთი დაჭერით აკავშირებს. ლოგისტიკური კომპანია მოზიდული კაპიტალით საკუთარი პროდუქტების განვითარებასაც გეგმავს.
“პირველ რიგში, ინვესტიცია ჩვენი კომპანიის განვითარებასა და სხვა პროდუქტების მოხმარდება. უკვე ვმუშაობთ სახმელეთო ტიპის გადაზიდვებზე და საზღვაო გადაზიდვებიც დაგვემატება. მეორე მხრივ, მოზიდული ინვესტიციები რეგიონალურ განვითარებას მოხმარდება. ვიხსნებით უზბეკეთსა და ყაზახეთშიც და აქცენტს ცენტრალურ აზიაზე ვაკეთებთ. გარდა ამისა, აქტიურად შევალთ აზერბაიჯანშიც”, - ამბობს “კარგონის” დამფუძნებელი.
სტარტაპი Cargon-ი 2018 წელს დაფუძნდა და ამ დრომდე სრულად საქართველოსა და სომხეთში ოპერირებს.