თუ ფოტოებზე ასახული ბედნიერი წუთების კიდევ უფრო გალამაზება გსურთ, შეგიძლიათ ამისათვის ხელთნაკეთი ფოტო-აქსესუარები გამოიყენოთ.
ფოტოებთან დაკავშირებული თქვენი თითქმის ყველა სურვილის ასრულებაზე სტარტაპი Carpe diem იზრუნებს.
საქმიანობა 2016 წელს დაიწყეს. მათი პირველი ხელთნაკეთი ფოტო-აქსესუარების სტენდი თბილისი მოლში განთავსდა. როგორც პროექტის ავტორი, თინათინ მექვაბიშვილი ყვება, თავდაპირველად ბიზნესის დაწყების იდეა სულ სხვა იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ასოცირდებოდა ფოტოებთან. ახლა მთლიანად გადართულები არიან ხელთნაკეთ ჩარჩოებზე. გარდა ამისა, მომხმარებელს სთავაზობენ ფოტომომსახურებას, ფოტოების ბეჭდვას და სხვა სერვისებს.
"ჩვენ ვქმნით ორიგინალურ და ამავდროულად ხელმისაწვდომ პროდუქციას. მომხმარებელთან აქტიურად ვთაანამშრომლობთ და ვცდილობთ მათი თითოეული სურვილი გავითვალისწინოთ .გაყიდვების და დადებითი შეფასებების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც, ჩვენი პროდუქცია სასურველი და ამავდროულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის", - ამბობს თინათინი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ მიერ წარმოებული ხელთნაკეთი ჩარჩოები მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყიდება, თუმცა ფიქრობენ გაფართოებას. როგორც ამბობს, ამის სტიმულს გაყიდვების და მოთხოვნის რიცხვი აძლევთ.
ამბობენ, რომ წამოწყებამ გაამართლა. სტარტაპი უკვე 7 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ახლო მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება.
Carpe diem "თიბისი ბანკისა’’ და "ჯეოსელის’’ ერთობლივი პროექტის "ბიზნესდაჯილდოება 2017’’-ის მონაწილეა. პროექტში, მონაწილეობენ იმიტომ, რომ თავიანთი გაოცდილება სხვებს გაუზიარონ და ამავე დროს ისწავლონ სხვების წარმატებაზე.
"გვინდა ჩვენი გამოცდილება და წარმატება გავუზიაროთ დამწყებებს და მივცეთ სტიმული, წამოიწყონ თავიანთი საქმე. სწორედ ესაა ქვეყნის წინსვლის და უკეთესი მომავლის გარანტი. მთავარია არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს. ჩვენი წარმატებაც ამან განაპირობა; ვითმენთ, ვშრომობთ და შედეგი დღითიდღე უკეთესია. ადვილი არაა, რთულია, მაგრამ რთულის კეთება უფრო სასიამოვნოა, როცა შედეგამდე მიდიხარ", - ამბობს თინათინი.

























