ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე გარდაიცვალა.
საბა კიკნაძე 1960 წელს სამტრედიაში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, რის შემდეგაც "ქალაქპროექტში" არქიტექტორად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი ძალები ბიზნესში მოსინჯა და 1987 წელს არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია დააარსა.
1989 წლიდან მუშაობა ტურიზმის სფეროში გააგრძელა. 1991 წელს დააფუძნა ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ი.
2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2008 წელს კი ჩამოაყალიბა მსხვილი ტურისტული ჰოლდინგი, რომელშიც შევიდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის Caucasus Travel-ი.
ქართული ტურიზმის განვითარებაში საბა კიკნაძის როლი საერთაშორისოდაა აღიარებული. გამოცემა Travel and Tour World-ი მის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გლობალურ ტურიზმში საქართველოს წარმოჩენას სათავეში სწორედ საბა კიკნაძე ედგა, რომელმაც "დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა".
"განათლებით არქიტექტორი კიკნაძის ანტრეპრენერობა 1989 წლიდან იწყება, რაც არა მხოლოდ მისი კარიერისთვის აღმოჩნდა გარდამტეხი წერტილი, არამედ მთლიანად ქართული ტურიზმისა და ბიზნესისთვის. ის იდგა ფრონტის ხაზთან, როდესაც საქართველო გლობალური ტურიზმის რუკაზე პირველად გამოჩნდა და სწორედ მისმა სტრატეგიულმა ჩართულობამ მიიყვანა ქვეყანა ITB Berlin-ამდე. ამ ნაბიჯმა არა მხოლოდ წარმოაჩინა საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ გაამყარა მისი სტატუსი, როგორც სამოგზაუროდ ცოცხალი და ფერადი მიმართულებისა.
ტურიზმის მიღმა, კიკნაძე იყო მრავალფეროვანი ანტრეპრენერი, ქმნიდა და უძღვებოდა კომპანიებს სხვადასხვა სექტორში, იქნებოდა ეს არქიტექტურა, დიზაინი, გამომცემლობა თუ სარეკლამო სფერო. ინოვაციისადმი მისი ერთგულება IT სექტორში, მეღვინეობასა და მიკრობიოლოგიური ტექნოლოგიების სექტორშიც გავრცელდა, სადაც მან სტარტაპების განვითარებას შეუწყო ხელი.
კიკნაძის მემკვიდრეობა ითვლის მის როლსაც, Creative Business Cup Georgia-სა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა კლუბის თანადამფუძნებლის სტატუსით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ერთგულებას ქართული ბიზნეს სექტორის განვითარების მიზნისადმი. მისი გავლენა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელ ქვეყნად არჩევაშიც - ეს იყო დაგვირგვინება მისი უწყვეტი მცდელობისა, საქართველო გლობალური ტურიზმის ასპარეზზე უფრო მკვეთრად გამოხატულიყო. საბა კიკნაძის მემკვიდრეობა ქართულ ტურიზმში შეუფასებელია. მან შექმნა და მომავალ თაობებს დაუტოვა ინდუსტრია, რომელიც ზრდას განაგრძობს და ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იღებს", - წერს საერთაშორისო გამოცემა Travel and Tour World.