ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება წარუდგინა. 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ეს შეზღუდვა კომპანიას საქართველოში ოპერაციების განხორციელებას არ უზღუდავს.
"ეს კომპანია შედის Fortune 500-ში, ანუ მსოფლიოს უმსხვილეს 500 კომპანიას შორის შედის. მას აქვს საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ასევე მსოფლიოში მსგავსი პროექტების, მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები ამერიკის შეერთებული შტატების ორი უწყების მხრიდან დაწესებული. ეს იყო ვაჭრობის დეპარტამენტის ვაჭრობის ბიუროს შეზღუდვების სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან. კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური ოპერაცია, თანხის გადარიცხვა და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციებს. ეს არის მკაფიოდ განსაზღვრული იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მეორე არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ანუ ხაზინის კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობად ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების ინვესტირების შემთხვევაში საჭიროა ამ უწყების თანხმობა,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.