პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონსტიტუციის მომზადებულ პროექტში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არის ზომიერი, შუალედური მიდგომა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, ამ საკითხის განხილვისას კომისიაში ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია იყო წარმოდგენილი.
„ერთი პოზიცია უცხოურ იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისების სრულად აკრძალვას ითხოვდა, მეორე კი ყოველგვარი რეგლამენტაციის წინააღმდეგი იყო. ჩვენ ზომიერი მიდგომა ავირჩიეთ, რომელიც ერთის მხრივ, სრულად არ ზღუდავს უცხოელებზე მიწის გასხვისებას და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვის შესაძლებლობას იძლევა. ორგანული კანონის დონეზე შეიძლება ამ საკითხის რეგლამენტაცია იმგვარად, რომ ერთის მხრივ, ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი არ იყოს შეზღუდული და მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები იყოს დაცული, რომელიც დაკავშირებულია მიწის, როგორც განსაკუთრებული რესურსის განკარგვასთან“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რეზიდენტი პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსის ათვისებას უცხოელი ინვესტორები ამჟამად ხელს უშლიან თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხოდ განაცხადა, რომ „როდესაც არის გარკვეულ დონეზე ეკონომიკური განვითარება, ასეთ დროს მიწის ფასი ბევრად დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით“.
„ცდუნება მაღალია, რომ შემოვიდეს უცხოელი და შეიძინოს შენი მიწა და ამ დროს შეიძლება, საზოგადოება სტრატეგიული რესურსის გარეშე დარჩეს. ანუ საჭიროა ერთის მხრივ, რომ ჩვენ არ შევზღუდოთ სათანადო ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა - ინვესტორები დებენ ფულს და ყიდულობენ მიწის რესურსს, არის უამრავი პოზიტიური გამოცდილება, რაც არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა არის გარკვეული რისკებიც და ეს ჩანაწერი სწორედ ამ რისკების ნიველირებას ემსახურება. ამ მიდგომით უნდა ჩამოყალიბდეს კანონი, რომელიც მიწის საკითხებს დაარეგულირებს“, - მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, „მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი“. ორგანული კანონის პროექტის მიხედვით კი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების განსხვისება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გასულ კვირას „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა.

























