მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცემენტში აღმოჩენილი დარღვევები - რას ამბობს მაკონტროლებელი უწყება?

5d41af0d1bbb5
სალომე მეცხვარიშვილი
31.07.19 20:25
748
ცემენტის ხარისხის კვლევა არც ისე სახარბიელო შედეგებს აჩვენებს - ასე აფასებენ ცემენტის ასოციაციაში კვლევის შედეგებს, რომელიც ივლისში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მათ შორის ცემენტისაც ამოწმებს, ფაქტია, რომ ბაზარზე ისევ არის პროდუქცია, რომელიც სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის.

სულ შემოწმდა 21 კომპანიის 28 პროდუქცია; აქედან მხოლოდ 9 მათგანმა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი, 28 ნიმუშიდან 19-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 5-მა კი 28 დღის შემდეგ, შეფუთაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ იმ ექვსი კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, 3 მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო დანარჩენი 19 პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით.

ცემენტის ასოციაციის კვლევის შედეგებს იცნობს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, რომელსაც უშუალოდ ევალება პროდუქციის კონტროლი. კითხვაზე, როგორ ხვდება ბაზარზე შემოუწმებელი და სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია, უწყების ხელმძღვანელს ასეთი პასუხი აქვს:

“ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა ამ წლის 15 იანვარს, შესაბამისად, გასულია ძალიან მცირე დრო, რაც დავიწყეთ ბაზარზე ზედამხედველობა, გარკვეულ პროდუქტებზე და მათ შორის არის ცემენტი.

იმპორტირებული ცემენტის 100% შემოწმდა, იყო გარკვეული ხარვეზები და პროდუქცია, რომელიც არ იქნა დაშვებული ბაზარზე. შემდგომი ეტაპი არის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია შევამოწმოთ და შესაბამისი რეაგირება გვქონდეს. უბრალოდ ცოტა დროა გასული, რაც დავიწყეთ ბაზარზე ოპერირება აქტიურად და ძალიან მოგვეხმარება ასოციაციის მიერ შედგენილი შესაბამისი ანგარიში და ეს იქნება საფუძვლიანი ეჭვის გამჩენი იმისთვის, რომ შევამოწმოთ სხვა კომპანიებიც.

ჩვენს შემთხვევაში დარღვევები იყო უფრო ცოტა, დაახლოებით, 15%-20%-ის ფარგლებში”, - აცხადებს დავით გიგინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები