ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
ცესკოს სპიკერმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ამასთან, ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
"ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.
IPN