ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის თქმით, ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და სხვა სიახლეები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.
"ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებით მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოები დასრულებულია. უბრალოდ, პროექტთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული სირთულეები. დღეის მდგომარეობით ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია და ალბათ უახლოეს ხანში იქნება სიახლე ამ მიმართულებით",- აცხადებს ბიზნესმენი
შეგახსენებთ, რომ სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება გასული წლის ზაფხულში დაიწყო. 2016 წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და „შპს. შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი.

























