მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონები და პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან კარგია, თუმცა უკვე დროა, სამშენებლო ეტაპზე გადავიდეთ - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

CFD აუქციონები და პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან კარგია, თუმცა ახლა უკვე დროა, სამშენებლო ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2010 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების მხოლოდ 50% შევიდა ექსპლუატაციაში. ის დასძენს, რომ ქვეყანაში ენერგორესურსების მოხმარება მზარდია, შესაბამისად საქართველოს სხვა (მეზობელ) ქვეყნებზე დამოკიდებულებაც იზრდება.

„გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებზე იზრდება. შესაბამისად, ჰესების აშენებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობა, გვერდში დგომა და მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი“, - აცხადებს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

მაია მელიქიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მექანიზმი, ეს იქნება CFD აუქციონები თუ პირდაპირი მოლაპარაკებები – პოზიტიური ნაბიჯებია, თუმცა ახლა აუცილებელია, რომ ქვეყანა რეალურ სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს.

„ბუნებრივია პირველი CFD აუქციონი, მეორე CFD აუქციონი და პირდაპირი გზით მოლაპარაკებები ძალიან კარგია, თუმცა ახლა უკვე დროა სამშენებლო ეტაპზე გადავიდეთ. სწორედ აქ ვაწყდებით ზუსტად ბიუროკრატიულ ნაწილს. ეს სირთულეები და წინაღობა უნდა ამოვძირკვოთ, რომ 2 კვირაში და 1 თვეში მისაღები გადაწყვეტილება, 5-6 თვის განმავლობაში არ გაჭიანურდეს“, - თქვა მან.

ინფორმაციისთვის, ამჟამად, ქვეყნის ენერგოსისტემის დადგმული ჯამური სიმძლავრე 4715,9 მგვტ შეადგენს. აქედან: ჰიდროსადგურები 3513,8 მგვტ-ია, თბოელექტროსადგურები 1181,4 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო ქარის ელექტროსადგური 20,7 მგვტ-ია, რაც დადგმულ სიმძლავრეში უმნიშვნელო, 1%-იც არ არის. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სისტემაში 70%-ზე მეტი ჰესებზე მოდის, მხოლოდ 25%-ია თბოსადგურების წილი, რომელსაც დეფიციტის შესავსებად უმეტესად ზამთრის თვეებში იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები