მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD კონტრაქტებში ფასი ენერგეტიკული ბირჟის გახსნამდე ესკოს ფასით დადგინდება

64ad287f06091
ელენე გოგბერაშვილი
11.07.23 14:15
686
მიუხედავად იმისა, რომ CFD სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია, ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, როგორ გაგრძელდება კერძო სექტორსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ერთი წლით გადავადების გამო.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო აქტში პირდაპირ წერია, რომ CFD მექანიზმი მიბმული უნდა იყოს საბაზრო ფასზე, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული ბირჟა არ იქნება გაშვებული, ეს არც კანონმდებლობაში წერია და არც რომელიმე შეხვედრაზე უთქვამთ ბიზნესისთვის. არაოფიციალური პასუხი არის ის, რომ სანამ ეს სადგურები ექსპლუატაციაში შევლენ, ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყება.

“ერთი ღია საკითხი რჩება, ეს არის სიმძლავრის აუქციონები, რომელიც მიბმულია ენერგეტიკულ ბირჟაზე გენერირებულ ფასთან. თუ ფასი არ გვექნება, შესაბამისად აუქციონებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება. ეს არის CFD მექანიზმი, რაც მიღებული ნორმატიული აქტია. ამ ნაწილში მოსაფიქრებელია, სანამ ბირჟა გაიხსნება, როგორ მოხდეს ინვესტორების პოზიციების დაზღვევა. ერთადერთი ბენჩმარკი, ეს გვაქვს ესკოს მიერ გამოცხადებული თვის ბოლოს ფასი, თუმცა სტანდარტი ცოტა განსხვავებულია, რადგან იქ არის სიმძლავრის ნაწილში ვაჭრობა, აქ არის თვის ბოლოს ვაჭრობა. ალბათ ესეც ერთ-ერთი მექანიზმი უნდა იყოს განხილული ალტერნატივად“,-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ამ თემაზე დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, რომელსაც უშუალოდ ენერგეტიკის მიმართულება აბარია, თუმცა BM.GE-ს კითხვაზე პასუხად მედიასთან პირად საუბარში თქვა, რომ უახლოეს პერიოდში შევა ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში და CFD კონტრაქტის ფასებად ესკოს საბალანსო ბაზრის ფასთწარმოქმნა იქნება აღებული.

შეგახსენებთ, CFD მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები