მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაანაცვლებს თუ არა ყაზახური ხორბალი რუსულს? - მეხორბლეები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ

5d1ccfb63cde7
ელენე გოგბერაშვილი
03.07.19 20:40
912
რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციების შემდეგ ქართული მხარე ხორბლის იმპორტზე შეზღუდვების მოლოდინშია.

მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საქართველოში ხორბლის იმპორტს პრობლემები შეექმნას, რაც ძირითადად საბაჟოზე ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირდება.

სწორედ მოსალოდნელი ემბარგო იყო მიზეზი, რის გამოც მეხორბლეებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრა ითხოვეს.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავს თქმით, მინისტრთან შეხვედრა გუშინ შედგა და მთავარი სასაუბრო თემაც ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირება იყო.

„ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყაზახეთის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩამოვლენ. მანამდე მოლაპარაკებები იყო ხორბლის იმპორტიორ ყაზახურ კომპანიებთან. სექტემბერში გვეცოდინება, წამოვიღებთ თუ არა აქტიურად ხორბალს ყაზახეთიდან. სწორედ სექტემბერში იღებენ ხორბლის მოსავალს ყაზახეთში.
ველოდებით მათ ჩამოსვლას. სახელმწიფოს მხრიდან გვჭირდება პარტნიორ ქვეყანასთან კომუნიკაციაში დახმარება. მათი ვიზიტისას საუბარი იქნება მათ შორის სატრანსპორტო ტარიფების შესახებ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, რუსულ ხორბალთან შედარებით ყაზახურ ხორბლის შესყიდვა ქართულ მხარეს გაცილებით ძვირი უჯდება. სხვაობა დაახლოებით, 15-20 დოლარია.

დღესდღეობით, საქართველოში ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის. იმ შემთხვევაში თუ ყაზახეთთან მოლაპარაკება შედგა, ჯერ უცნობია ბაზრის რა წილს დაიკავებს ყაზახური ხორბალი. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, რა ფასად მოხდება მარაგების შესყიდვა.

სილაგავას განცხადებით, ყაზახეთის გარდა საქართველოსთვის ალტერნატიული ბაზარია უკრაინა და რუმინეთი. „აქაც სამთავრობო უწყებების დახმარებით სამომავლოდ კომუნიკაცია უნდა გავააქტიუროთ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები