მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაანაცვლებს თუ არა ყაზახური ხორბალი რუსულს?-ყაზახეთი საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას განიხილავს

5d456b7982cf5
ელენე გოგბერაშვილი
03.08.19 18:00
1496
რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების შემდეგ, ხორბლის იმპორტზე მოსალოდნელი შეზღუდვების გამო აქტიურად დაიწყო ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირების თემის განხილვა.

ამ მიზნით წისქვილკომბინატები ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდნენ. ერთ-ერთი ბაზარი, რომელმაც შესაძლოა რუსული ხორბალი ჩაანაცვლოს, ყაზახეთია.

გასული თვის დასაწყისში თბილისში ყაზახეთის დელეგაციაც იმყოფებოდა, კერძოდ ხორბლის ექსპორტიორი სახელმწიფო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ყაზახური მხარე საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას განიხილავს.

როგორც მეხორბლეები აცხადებენ, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენით დაასუბსიდირებს ყაზახეთის მთავრობა საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირებას. მათი თქმით, ეს დამოკიდებულია მოსავალზე, რომელსაც ყაზახეთში სექტემბერში ელოდებიან.


„ჩვენ მათ მივეცით საორიენტაციოდ ხორბლის ის რაოდენობა, რაც შეგვიძლია წამოვიღოთ ყაზახეთიდან. ეს არის დაახლოებით 320 ათასი ტონა ხორბალი, მაგრამ ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სუბსიდირების შემდეგ ფასი იქნება კონკურენტული. ეს გამოიკვეთება სექტემბერში.

მექანიზმი დამუშავებულია და მისი მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, რა ფასი ექნება ყაზახურ ხორბალს და სუბსიდირება როგორ იმუშავებს“-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა.

კომპანია „აგრიკომის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან კუბლაშვილის თქმით, თუ ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა დაიწყება, რუსული ბაზრის ჩანაცვლება სრულად მაინც ვერ მოხდება.

„რუსეთისდან ხორბალი საქართველოში 2 დღეში ჩამოდის. პირველი არის ფასის ფაქტორი, თუ ამ მხრივ ყაზახურმა აჯობა რუსულს, შეიძლება 50%-ით გადაფაროს რუსული ბაზარი ყაზახეთმა.

ყაზახეთიდან ტრანსპორტირების დრო არის 2 კვირა, ფასის სხვაობა ტრანსპორტირების კუთხითაც არსებობს. ყაზახეთი იმ შემთხვევაში აამუშავებს სუბსიდიის მექანიზმს, თუ ეცოდინება, რომ კარგი მოსავალი აქვს, ისე არამგონაი თავი დაიზიანოს.

საქართველოში ხორბლის ტრანპორტირების დასუბსიდირების შემდეგ მაქსიმუმ 40% ბაზრის ჩანაცვლებას შეძლებს ყაზახეთი და ძირითადად მაინც დამოკიდებული ვიქნებით რუსეთზე“-აცხადებს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდის. მაგალითად: 2018 წელს საქართველოში იმპორტირებული 575 ათასი ტონა ხორბლიდან 482 ათასი ტონა იყო რუსეთიდან და მხოლოდ მცირე ნაწილი ყაზახეთიდან; წელს 5 თვეში კი, ჯამურად საქართველომ იყიდა 171,000 ტონა ხორბალი, საიდანაც 117,000 ტონა რუსეთიდან შემოვიდა და დანარჩენი 54.000 ტონამდე კი - ყაზახეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები