მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაანაცვლებს თუ არა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლაში ფაგები ანტიბიოტიკს?

მზია

ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის გადაწყვეტის/მინიმიზაციის ერთ-ერთ გადაწყვეტად ბაქტერიოფაგების გამოყენების მიუხედავად, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის შეფასებით, ფაგები ანტიბიოტიკების ჩანაცვლებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ მზია ქუთათელაძემ BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში" ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხესა და გადაწყვეტის გზებზე საუბრისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ბაქტერიოფაგების კვლევაში სიახლეებსა და შესაძლებლობებზე, რასაც ბაქტერიოფაგი ანტბიოტიკორეზიტენტობასთან ბრძოლაში ქმნის, თუმცა კითხვაზე ჩაანაცვლებს თუ არა ფაგები ანტიბიოიკებს, ასე პასუხობს: “რასაკვირველია, ვერ ჩაანაცვლებენ. რეალურად, რომ შევხედოთ სიტუაციას, ინფექციური დაავადებების ბრძოლაში ანტიბიოტიკებს მაინც ძალიან სპეციფიკური ადგილი აქვს "

მისი თქმით, ახლა საჭიროა ისეთ ფაგებზე მუშაობა, რომელიც უფრო მეტ ბაქტერიას მოიცავს და ანტიბიოტიკს მეტ კონკურენციას გაუწევს.

“ფაგები ძალიან სპეციფიკურად მოქმედებენ. ანტიბიოტიკი კლავს ყველაფერს - ცუდ ბაქტერიასაც და ნორმალურ მიკრობიომის შემადგენელ ბაქტერიებსაც. ამ მხრივ ფაგის უპირატესობა ძალიან მაღალია. ეს უპირატესობაც არის და გარკვეულწილად ნაკლოვანებაც, ამიტომ, უნდა შეიქმნას ისეთი პრეპარატი, წამალი, რომელიც რაც შეიძლება მეტ ბაქტერიოფაგს მოიცავს. ამის გაკეთება ტექნიკურად შესაძლებელია და ელიავას პრეპარატები ზუსტად ამით არის გამორჩეული, რომ ძალიან მაღალი აქტიურობით და ისეთი უნარით გამოირჩევიან, რომ მათ რაც შეიძლება მეტი გენეტიკურად განსხვავებული ბაქტერიის მოკვლა შეუძლიათ. ეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ინსტიტუტის ნოუჰაუა. მაგრამ ლეგალურად ასეთი ბაქტერიოფაგების აღიარება, ავტორიტეტული ორგანოების მიერ თითქმის შეუძლებელია.

ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ფაგების ლეგალური აღიარება მოხდეს, ანუ მათი რეგისტრაცია. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამას, იმიტომ, რომ პრიორიტეტში ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ფაგებია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგმება”, - ამბობს მზია ქუთათელაძე.

რატომ მიიჩნევა ანტიმიკრობული რეზისტენტობა საფრთხედ?

ნტიმიკრობული რეზისტენტობა მიკროორგანიზმების (ბაქტერიების,ვირუსების, სოკოებისა და პარაზიტების) უნარია გაუძლონ მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წამლებს, როგორიცაა ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, ანტისოკოვანი და ანტიპარაზიტული საშუალებები. შედეგად, მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი ხდება, ინფექციები არ იკურნება მარტივად და იზრდება გართულებების, გავრცელების და სიკვდილიანობის რისკი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, AMR უკვე ყოველწლიურად იწვევს ასეულობით ათას სიკვდილს და პროგნოზებით, 2050 წლისთვის შესაძლოა 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპოს ყოველწლიურად. ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის გადაწყვეტის თუ არა მინიმიზაციის ერთ - ერთი გზა სწორედ ბაქტერიოფაგების გამოყენებაზე გადის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები