მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის ქვათაცვენისგან დაცვა 4 მილიონზე მეტი დაჯდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი
BM. GE
28.08.23 13:00
145

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ღირებულება 4,424,000 ლარს შეადგენს.

ქვათაცვენის რისკი ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზეა. აღნიშნული ტერიტორია საავტომობილო მოძრაობისთვის 10 სექტემბრამდე დაიკეტა.

"ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო სავალ ნაწილს, გასწვრივ ესაზღვრება კლდე, რომელსაც აქვს პრობლემური მონაკვეთები ქვათაცვენის თვალსაზრისით. წლების წინ კლდის რამდენიმე მონაკვეთში მოწყობილი იქნა ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ფარდის პრინციპით და რეგულარულად ხდება კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება.

მშენებლობის გამოცდილების პრაქტიკის მიხედვით, ეროზიის ბაზისის ქვევით, ზედაეოცენური ქვიშაქვები და არგილიტები, ბუნებრივი ტენიანობის პირობებში, მონოლითური და ძალიან მაგარია და განეკუთვნებიან კლდოვანი ქანების კატეგორიას. ზედაპირზე გაშიშვლებისას, ქანები საკმაოდ სწრაფად იფიტებიან, გამოფიტვის პროცესში ხდება მათი დაშრეება და თაბაშირით გამდიდრება. განსაკუთრებით სწრაფად იფიტებიან არგილიტები და სუბარგილიტები, რომლებიც გაშრობისას ძალზე სწრაფად იფიტებიან და გარდაიქმნებიან ღორღად და ხვინჭად.

გეოდინამიკური პროცესებისადმი დაქვემდებარების მხრივ, წარმოდგენილი ქანები ძლიერ დისლოცირებულია და გართულებულია ტექტონიკური აშლილობებით. მათი სიმტკიცე და მდგრადობა დენუდაცია-ეროზიისადმი და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესებისადმი მთლიანობაში დაბალია, რაც ნათლად აისახება გეოდინამიკური პროცესების ფართო განვითარებაში.

ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა და ასევე იმატა ჩამოცვენილი ქვების ზომებმა. შესაბამისად, დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას. მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება. საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად მათ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები