"ჩაჩავას კლინიკა" თბილისში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს.
დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციით, კომპანიამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უკვე შეათანხმა.
საუბარია გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც კლინიკას მთავრობამ გასულ წელს 5 580 000 ლარად მიჰყიდა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც ტერიტორიის ზონის სტატუსი შეიცვალა და განისაზღვრა - ზონა 6. მშენებლობის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„გთხოვთ დაგვიდგინოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საპროექტოდ იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დამატებით გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქციური ზონა და დღეის მდგომარეობით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6
გთხოვთ გაითვალისწინოთ დამატებით გაცნობებთ, რომ მომიჯნავედ მიწის ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება“, - წერია განმარტებით ბარათში.
თავად კლინიკა სააქციო საზოგადოებაა, რომლის თავმჯდომარე დავით შველიძეა, თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან გოცირიძე, წევრი კი როზა ობოლაძეა.
კომპანიას ამ ეტაპზე დირექტორი არ ჰყავს, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი მარინე გელანტიაა.