მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის მწარმოებელი: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ არის

5b49f167e8391
დავით ჯალაღონია
14.07.18 16:50
1094

ჩაის პლანტაციებში მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ჩაის ერთ–ერთი მწარმოებელი შპს "მილმართის" ხელმძღვანელის გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მოსავალი თითქმის სამჯერ მეტია.

მისი დაკვირვებით, მოსავლიანობის ზრდაზე ჩაის რეაბილიტაციის პროგრამამ იმოქმედა, თუმცა მიუხედავად ამისა, პროგრამის ეფექტიანობა მაღალი არ არის.

"პროგრამა ეფექტიანი იმდენად ვერ არის, რაღაც მინუსები აქვს. ბევრი ისეთი პირობებია, რაც რთული შესასრულებელია. ვისაც პლანტაციების გამოყვანა უნდა, ფოთოლზე მუშაობა სურს და საწარმოო პროცესზე არ ფიქრობს, იძულებულნი ხდებიან გაერთიანდნენ, რადგან საწარმოს აშენება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", – განუცხადა BM.GE-ს მაისურაძემ.

რაც შეეხება საწარმოო პროცესს, "მილმართი" საკუთარი ნედლეულის გადამუშავებასთან ერთად, მოსავალს ფერმერებისგანაც იბარებს.

გიორგი მაისურძის თქმით, წელს ჩასაბარებელი ჩაის ფოთოლი გაძვირდა, რაც ნედლეულზე ხელმისაწვდომობას ართულებს.

"ერთი კილო ჩასაბარებელი ჩაის ფასი 2.5 ლარიდან 3 ლარამდეა, რაც დაახლოებით 50 თეთრით ძვირია გასულ წელთან შედარებით. გაძვირება ხარისხის ზრდამ განაპირობა. ერთადაერთი პრობლემა არის ის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ არის და ამის გამო ნედლეული დავკარგეთ. ჩვენ მცირე პლანტაციები გვაქვს, იჯარითაც ვიღებთ, მაგრამ ძირითადად გლეხობისგან ვიბარებთ. ყველა თავის გასამჯრელოს ითხოვს. მცირე საწარმოებისთვის რთულია, სეზონზე, სამ-ოთხ თვეში გვჭირდება ამ თანხის მობილიზება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობას თავად საბანკო სისტემა ართულებს. კრედიტების გაცემა გართულებულია. ძალიან წვრილმანებში ეძიებიან – ოჯახის წევრების შემოსავლებს, სესხებს აკვირდებიან და ა.შ, რაც საწარმოსთან არანაირ კავშირში არ არის", – აღნიშნა მეწარმემ.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი გიორგი მაისურაძე მთავრობას ჩაის სუბსიდირების პროგრამის შემუშავებას ურჩევს.

"არსებული პროგრამის შინაარსი და მიდგომა უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, შემოღობვაზე უნდა ჩაიდოს ფინანსური ხარჯი, რადგან რეაბილიტირებული პლანტაცია შეიძლება, საქონელმა დააზიანოს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩაბარების ფასის სუბსიდირება უფრო გაამართლებდა, თუნდაც ორი წლის განმავლობაში. ასე მოსახლეობა მეტ ნედლეულს ჩააბარებს და დოვლათი გაიზრდება, რადგან ექსპორტის ხელშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ საზღვარგარეთ გარკვეულ რაოდენობას ითხოვენ, რომ კონტრაქტი დაგიდონ და ამისთვის ნედლეულის ბაზაა საჭირო", – განმარტა გიორგი მაისურაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე "მილმართს" გადასამუშავებლად 20 ათასი კილოგრამი ფოთოლი მიღებული აქვს და კიდევ 15 ათას კგ–მდე შეძენას გეგმავს. გადამუშავებული ნედლეულის რეალიზაციას საწარმო – ადგილზე, საქართველოში და ასევე, საექსპორტო ბაზრებზე ახორციელებს. "მილმართის" ჩაი რუსეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და ბენეფიციარებს 5-დან 300 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას სთავაზობს. წელს პროგრამის ბიუჯეტი 900 ათასი ლარია, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები