ჩინური ინვესტიციით საქართველოში 12 ათასი ჰექტარი ჩაის აღდგენა იგეგმება, რაშიც 12 წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შესახებ Bm.ge-ს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა. ჩინური კომპანიები ჩაის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში აღადგენენ, სადაც ადგილობრი მოსახლეობა დასაქმდება.
"ძალიან დიდი ერთობლივი პროექტი დავიწყეთ ჩაის მიმართულებით, ეს არის ,,საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექსური პროექტი“, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული ჩაის კულტურების აღდგენას, ზოგან კი მათ შეცვლას, ისინი ფიქრობენ ასევე ათეულობით ფაბრიკის გაკეთებას, სადაც ჩაის ნედლეულს გადაამუშავებენ, აქვე იქნება განვითარებული ტურიზმის კომპონენტიც, რომ ტურისტები ჩავიდნენ და ადგილზე მოინახულონ პლანტაციები, წარმოება და დააგემოვნონ ჩაი.
ჩინელები მზად არიან ჩაის პლანტაცია 12 ათას ჰექტარზე აღადგინონ, რაც ამჯერად სახელმწიფოს საკუთრებაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა თავიდან დაიწყებენ 4-5 ათასი ჰექტარით და შემდეგ ეტაპობრივად მოხდება დანარჩენი ტერიტორიების ათვისება, რომელიც მათ იჯარით გადაეცემა. ძალიან კარგი საპილოტე პროექტი გაკეთდა წალენჯიხაში, სადაც ჩაი ჩინური ტექნოლოგიით იქნა მოყვანილი და საცდელი ნიმუშები უკვე ჩინეთში გაიგზავნა “ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, შეთანხმების თანახმად, ჩაის სრული მოცულობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე იქნება მოყვანილი საქართველოში გადამუშავდება და მზა პროდუქციის სახით ჩინეთში ექსპორტზე გავა.
"აი რას ამბობენ ჩინელები: ჩვენ მოვიყვანთ ჩაის და თან ეხლავე გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომ ამ ჩაის, იმ დროისათვის ყველაზე მაღალ ფასად შევისყიდით. ჩინეთი როგორც უზარმაზარი მომხმარებელი ჩაის, თავისი მოთხოვნილების 70%-ს აწარმოებს, დარჩენილ 30%-ს კი ისინი ყიდულობენ ინდოეთიდან, შრილანკიდან, ნუ გარკვეული მიზეზების გამო, მათ არ უნდათ იქიდან შესყიდვა და ურჩევნიათ საქართველოდან , პირველ რიგში ხარისხის გამო და ამბობენ, რომ ჩვენ მოვიყვანთ ძალიან მაღალი ხარისხის ჩაის საქართველოში, რადგან გარემო იძლევა ამის საშულებას და მყიდველიც აქ ვართ..ამავე დროს გვაძლევენ გრანტის სახით ტექნიკას, სპეციალისტების მომზადებას, ფაბრიკები - ქართული, წარმოება - ქართული, მუშახელი - მთლიანად ქართული, ამაზე უკეთესი რაღა გვინდა... ისინი იმუშავებენ მხოლოდ იჯარაზე“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს: Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co.LTD და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co.Ltd შორის 2016 წელს გაფორმდა.

























