მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩაის საკრეფი ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით მეჩაიეებს პრაქტიკულად არ უსარგებლიათ”

ჩაი

მიმდინარე წლის პირველ მაისს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჩაის ხელის საკრეფი დანადგარების შესაძენად გამოცხადებული პროგრამით ფერმერებს არ უსარგებლიათ.

ფერმერებს პროგრამის ფარგლებში საკრეფი დანადგარის ღირებულების 50% უფინანსდებოდათ, არაუმეტეს 500 ლარისა. თუმცა მეჩაიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე ამბობს, რომ პროგრამით არცერთ ფერმერს არ უსარგებლია, იქამდე, ვიდრე ცვლილებები არ შევიდა. თანადაფინანსების პირობების ცვლილება კი მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა.

“რედაქტ2”-ში სტუმრობისას სვანიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში არსებობს ბევრი პროგრამა, რომლით სარგებლობაც მეჩაიეებსაც ისევე შეუძლიათ, როგორც სხვა ფერმერებს.

“ზოგადად ვიტყვი, რომ სოფლის მეურნეობაში უამრავი პროგრამაა, რომელშიც შეიძლება მეჩაიეებიც ჩაერთონ, მაგალითად “დანერგე მომავალი”, “აწარმოე საქართველოში” და ა.შ.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას, გეტყვით, რომ ჩაის საკრეფ და სასხლავ მასალებზე პროგრამა გამოცხადდა, მაგრამ სრულყოფილი არ აღმოჩნდა, გასულ წელს პრაქტიკულად არცერთ მეჩაიეს პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია და ტექნიკა არ შეუძენია. შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ პრობლემის არსი, შევხვდით მეჩაიეებს და თანადაფინანსების თანხა გაიზარდა. გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მიიღეს, თანადაფინანსება 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა, აპარატი ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისთვის და საშუალოდ, 70-80% -ს ფარავს სახელმწიფო.

ამ წლისთვის უკვე დაგვიანებულია ცვლილებები სამწუხაროდ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაზაფხულიდან უფრო ჩაერთვებიან მეჩაიეები და ისარგებლებენ ამ პროგრამით. აქამდე ერთ სუბიექტზე იყო ერთი აპარატი და ადამიანს, რომ 5-6 ჰა ტერიტორია აქვს, იქ საბუთების შეგროვება, აუდიტის ჩართვა არ უღირდათ. ახლა შევიდა ცვლილება და დაფინანსება განხორციელდება ერთ ჩაის საკრეფ და სასხლავ აპარატზე. პროგრამა ფერმერებს მოვარგეთ და იმედია, გაზაფხულიდან იმუშავებს”, - განაცხადა სვანიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები