“ჩამოკიდებული ვართ საბჭოთა კავშირის დროინდელ “გოსტის” სტანდარტებზე, რომელიც მგონი რუსეთშიც კი აღარ გამოდგება”, - ამის შესახებ "აგრო ინვესტ სერვისის" დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ BM.GE-სთან ციტრუსის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი ინფორმაციით, ყოველწიურად იზრდება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო გადამუშავების სუბსიდირება, რასაც ქვეყანაზე დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.
ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის ცნობით, 2024 წელს, 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.
“ყოველწლიურად კრიტიკულად იზრდება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო გადამუშავების სუბსიდირება. მილიონები იხარჯება. ვერ ვხვდები სახელმწიფო რატომ უნდა ჩაერიოს ციტრუსის ან ყურძნის წარმოებაში. სახელმწიფოს ფუნქცია ის არის, რომ ქვეყანაში სტანდარტი უნდა არსებობდეს. მაგალითად, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას რომ პროდუქტი მიაწოდო, საბაჟო პრეფერენციებიდან გამომდინარე, კონკრეტული მოთხოვნები არსებობს, თუ რა პროდუქციას კონკრეტულად რა დოკუმენტები უნდა მიყვებოდეს.
რა სტანდარტი არსებობს საქართველოში? რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ექსპორტზე მიწოდებული 1 კილოგრამი ციტრუსი? - არ გვაქვს სტანდარტი! ჩამოკიდებული ვართ საბჭოთა კავშირის დროინდელ “გოსტის” სტანდარტებზე, რომელიც მგონი რუსეთშიც კი აღარ გამოდგება”, - ამბობს ვაჟა მკურნალიძე.
მისივე თქმით, სახელმწიფომ სტანდარტი უნდა შექმნას, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტული იქნება. ის დასძენს, რომ მართალია წარმოების კუთხით საქართველო თურქეთს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა კონკურენციაში შესაძლებელია გემოვნური კუთხით შევიდეს.
“ექსპორტიორმა რომ მომთხოვოს ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი, ვერ წარვადგენ. ასევე, ვერ დამისახელებთ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც ამ სერტიფიკატს გასცემდეს, რა ფორმითაც მოითხოვება.
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფინანსდება ისეთი პროექტები, რომელიც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეურნეობების კუთხით ყველა ერიდება ინვესტიციის ჩადებას. ამის პარალელურად, სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონებს ხარჯავს საკონსერვო საწარმოებში ციტრუსის გადამუშავებაზე, რასაც არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს. ვინაიდან, მანდარინის კონცენტრატი არის ყველაზე დაბალი ხარისხის კონცენტრატი, ანუ ამაზე მოთხოვნა არ არის. ამიტომ, კერძო სექტორს ამის გადამუშავება არ უღირს და ამიტომაა, რომ პროცესში სახელმწიფო ერთვება. ამ დროს მიზანი უნდა იყოს, რომ წარმოებაში არასტანდარტული პროდუქტის წილი შევამციროთ”, - ამბობს ბიზნესმენი.
მისი თქმით, ფერმერებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბაზიდან ადრემწიფებადი ჯიშები, კერძო ესპანური ჯიშები, თურქული ჯიშები, იაპონური ჯიშები და ა.შ. რომელიც საქართველოში კარგად ადაპტირდა, ფერმერებს უნდა მიეწოდოს, რითაც ძველი ჯიშების ჩანაცვლება და ბაზრების დივერსიფიცირება იქნება შესაძლებელი.