მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩამონგრევის საფრთხის მქონე ტერიტორიის იზოლირებას განსაკუთრებული კანონმდებლობა არ სჭირდება - დავით გიგინეიშვილი

გიგინეიშვილი

“ჩამონგრევის საფრთხის მქონე შენობის ტერიტორიის იზოლირებას განსაკუთრებული კანონმდებლობა არ სჭირდება,”- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანია ”პროგრესის” დამფუძნებელმა დავით გიგინეიშვილმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს მესამე პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლებლობა ჰქონდა გარკვეული ზომები მიეღო. თუმცა სამშენებლო სფეროს სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა კანონმდებლობის ნორმებით უნდა რეგულირდებოდეს და ამ მხრივ მოქმედი კოდექსი ცვლილებებს საჭიროებს.

“დადასტურებით საჭიროა კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა. საჭიროა იმ რეფორმის, რაც დაიწყო 2014-2015 წელს, გაგრძელება და სამშენებლო სამართლის იმდაგვარად გაწერა, რომელიც მართლაც ყველა ქალაქისთვის იქნება ერთნაირი და მსგავსი ტიპის პრობლემებსა დარეგულირებას კანონმდებლობით და სამართლით.

ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს მთლიანად სამშენებლო სამართალი სივრცითი მოწყობის, არქიტექტურული, ურბანული კუთხით, რომელიც პირდაპირ ეხება კერძო საკუთრებას, რა უფლებაც დაცულია კონსტიტუციით. ძალიან ძნელია ხაზის გავლება როგორ ჯობია, რანაირად ჯობია, რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს, რა შემთხვევაში არ შეიძლება ჩაერიოს და ა.შ ეს უნდა იყოს გაწერილი და აუცილებლად თანხვედრაში იყოს კონსტიტუციურ წესრიგთან. ამაზე უნდა იმუშაონ იურისტებმა, ამაზე უნდა შედეგს საჯარო განხილვები, ამაში უნდა იყოს ფართო საზოგადოება ჩართული, ქალაქების მუნიციპალიტეტები და უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივად პირველ რიგში, რომ ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეს მუნიციპალიტეტს, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

დიახ, თუ მშრალად მივუდგებით დღეს კანონის მოთხოვნებს, თუ 100%-ით არ არის თანხმობა მაშინ გასახლება ვერ ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ თუ 2 ადამიანია წინააღმდეგი, 100 ადამიანს უნდა და ერთს არ უნდა, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო? აქვს უფლება გაასახლოს, დაანგრიოს და ახალი შესთავაზოს, თუ არა? ჩვენი კანონმდებლობით ექსპროპრიაციის წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მაგალითად, ავტომაგისტრალი ან გაზსადენი. კონკრეტულად სახლების შემთხვევაში უფლებამოსილებაც არ აქვს ექსპროპრიაციის კომისიას, რომ განიხილოს. ეს პირველ რიგში დასარეგულირებელია კანონმდებლობით, შესაბამისი აქტებით და ა.შ რომ ეს ისე იყოს ცალსახად დარეგულირებული, როგორც კონსტიტუციით იქნება გამართლებული, ამიტომ აქ ცალსახად ერთი მხარის ბრალეულობაზე ძნელია საუბარი.

როგორც ავადმყოფს სჯობია უმკურნალო თავშივე და არ წავიდეს დაავადება სხვა სტადიებზე, ზუსტად ისეა შენობის შემთხვევაში, უმჯობესია პირველი სტადია როცა არის, მაშინ მოხდეს მისი გამაგრება, ვიდრე როცა დასანგრევია, მაგრამ ის, რომ შემოღობილი უნდა იყოს ტექნიკური დასკვნის შესაბამისად, როცა ხდება ავარიულობის კატეგორიის დადგენა, იქ აღწერილი უნდა იყოს რა სახის საფრთხეები შეიძლება მოხდეს. თუ არსებობს ჩამონგრევის საფრთხე, მაშინ რაღაცნაირი იზოლირება უნდა მოხდეს და როგორც მინიმუმ მესამე პირების განრიდება იმ ტერიტორიიდან, სადაც შესაძლოა რაღაცა საფრთხე არსებობდეს. ამას განსაკუთრებული კანონმდებლობა არ სჭირდება, ამას სჭირდება ლოგიკური აზრი”,-აცხადებს დავით გიგინეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები