მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამორთმეული საათები და თანხები ანგარიშში სახელობითად ვერ მიეთითება, თუმცა განაჩენი საჯაროა - გვარაკიძე

გიორგი გვარაკიძე

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეები უწყების 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა დოკუმენტში სახელობითად ვერ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ან რა რაოდენობის თანხა ჩამოერთმევა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გვარაკიძეს აღნიშნულ საკითხზე კითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ დაუსვა. გენერალური პროკურორის განმარტებით, ანგარიშში მონაცემები ჯამურად აისახება, თუმცა თავად სასამართლო განაჩენები საჯაროა.

„ბატონო გიორგი, ჩვენ ვერაფერს ვერ და არ დავმალავთ. წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემებით რაც დაჯამდა ამოღებულ ქონებას თუ ჩამორთმეულ ქონებას რაც შეეხება, ყველაფერი დოკუმენტში მოცემულია. სახელობით ვერ იქნება მოცემული, რომელ პირს რა ქონება თუ ბრენდი, თუ რა რაოდენობის თანხა ჩამოერთვა, მაგრამ კონკრეტული პირების, ვინც თქვენ გაინტერესებდათ, საქმეებზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა“, - განაცხადა გვარაკიძემ.

მისივე თქმით, ქონება ან ფულადი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთრებაში მხოლოდ განაჩენის დადგომის შემდგომ მიექცევა.

„რაც შეეხება თქვენ ნათქვამ საქმეებს, ისინი 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ სახელობითად ვერც იქ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ჩამოერთმევა ან რა რაოდენობის თანხა — ეს ჯამური მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, განაჩენი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია განაჩენში წაიკითხოს, რა სად წავიდა“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გიორგი გვარაკიძემ უპასუხა დეპუტატის კითხვის იმ ნაწილსაც, რომელიც თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის სავარაუდო დანაშაულზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესაძლო პასუხისმგებლობას შეეხებოდა.

გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდუალურია:

„კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ინდივიდუალური და ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სხვა პირს ჩვენ პასუხს ვერ ვაგებინებთ. სხვა კითხვაც იყო ხელმძღვანელი თუ მიეცა პასუხისგებაშიო არ არის ასე. ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ერთი პირი აგებს პასუხს, თუ სხვა დანაშაულის ნიშნები არ არის“.

გვარაკიძემ აქვე დასძინა, რომ თუ საქმეში სხვა პირების მხრიდანაც გამოიკვეთება კანონდარღვევა, უწყება რეაგირებაზე უკან არ დაიხევს. „თუ სხვა დანაშაულის ნიშნები იქნება, ჩვენ არ მოვერიდებით არც ზედამხედველის თუ სხვა თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 230 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 155 იყო. გამოდის, რომ ერთ წელში მაჩვენებელი 32.6%-ით გაიზარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები