მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები" - საგანგებო სიტუაციების ცენტრი დიდთოვლობაზე

ამირან გოგიტიძე

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

უწყების ცნობით, 25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების, ადგილზე მიწოდება.

„მოხდა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების დამატება, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იმისათვის რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მქონე დაწესებულებებში. ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისსა და მედიკამენტებს აწვდიან მოსახლეობას“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

„რეგიონში მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად მყოფ მოსახლეობას აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს. შეძლებისდაგვარად მიდიან სოფლად მყოფ თითოეულ მოსახლემდე, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება“, - აღნიშნა სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები